მოძრაობა გაბედეს წევრებმა პარლამენტის წინ აღმართულ ჯებირს მავთულხლართები შემოავლეს. აქტივისტების თქმით, მერია მათ ართმევს საშუალებას, რომ პარლამენტის წინ აქცია გამართონ და მავთულხლართებიც ამ "ოკუპაციის" სიმბოლოა.

"მავთულხლართს აქვს ძალიან მარტივი დატვირთვა, რომ ფაქტობრივად დღეს ივანიშვილმა და კალაძემ მოახდინეს პარლამენტის ოკუპაცია, იმ ტერიტორიის სადაც ამდენი ხნის განმავლობაში აქციები იმართებოდა და ახალგაზრდები და სხვადასხვა ჯგუფები ვაპროტესტებდით ყველაფერ იმას, რაც ხდება ქვეყანაში 20 ივნისიდან მოყოლებული", — თქვა TV პირველთან საუბრისას ერთ-ერთმა აქტივისტმა.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა ცოტა ხნის წინ ჯებირებზე გააკეთეს წარწერები: "ბიძინას ბოსტანი", "ფრთხილად, ეზოში ავი ქოცია", "გხედავ". აქტივისტები ამბობენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ.

22 იანვრის თბილისის მთავრობის სხდომაზე კახი კალაძემ თქვა, რომ პარლამენტის წინ "საშინელი მდგომარეობაა" და მერია რეაბილიტაციას იწყებს. ეს ის ადგილია, სადაც ხელისუფლების წინააღმდეგ მუდმივად იმართება აქციები და რამდენიმე წელია შვილმოკლული მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავი დგას.

პარლამენტის წინ საახალწლო ატრაქციონები სპეციალურმა სამსახურებმა ღამის განმავლობაში აიღეს და ღობით ჩაანაცვლეს. ამ დროისთვის ეს ტერიტორია მწვანე ჯებირითაა შემოღობილი.

პარლამენტის წინა ტერიტორია თბილისი მერიამ 31 დეკემბერს მორეცხა. კარვების აყრისა და ტერიტორიის გაწმენდის შემდეგ მერიამ აქ საახალწლო ატრაქციონები დაამონტაჟა. 31 დეკემბერს პოლიციელებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირებისას სამართალდამცავებმა ძალით გაიყვანეს #სირცხვილიას აქტივისტები და ჯამში 9 პირი დააკავეს.