2019 წელს ნეტფლიქსზე ცნობილი პოლონელი მწერლის, ანჯეი საპკოვსკის ფენტეზის ჟანრის წიგნების სერიის სატელევიზო ეკრანიზაციის, The Witcher-ის პრემიერა შედგა.

მაყურებელთა მოსაზრებები შოუს შესახებ ორად გაიყო და სერიალმა არაერთგვაროვანი შეფასებები დაიმსახურა, თუმცა ყველასთვის ცხადი იყო, რომ The Witcher გასული წლის მოვლენად იქცა.

ამის მიუხედავად, ნეტფლიქსის მიერ გამოქვეყნებული უახლესი სტატისტიკის მიხედვით, სერიალი იმაზე პოპულარული აღმოჩნდა, ვიდრე ყველაზე მხურვალე გულშემატკივარს შეიძლება წარმოედგინა: პირველი ეპიზოდის პრემიერიდან 4 კვირის განმავლობაში ეს სატელევიზიო შოუ ნეტფლიქსის 76 მილიონ მომხმარებელზე მეტმა ნახა.

იმის გათვალისწინებასთან ერთად, რომ გასულ წელს შედგა ასევე ძალიან პოპულარული სერიალების, The Crown-სა და You-ს ახალი სეზონების პრემიერა, The Witcher მაინც ყველაზე წარმატებული შოუ გამოდგა და ნეტფლიქსის რეკორდიც მოხსნა: ამ კომპანიის წარმოებული ლიდერი სერიალია, რომლის პირველივე სეზონი ამდენმა ადამიანი ნახა.

ფოტო: Netflix

აღსანიშნავია, რომ ნეტფლიქსი აქამდე ნახვების რაოდენობას სხვა მეთოდოლოგიით ითვლიდა: მონაცემებში რომ ასახულიყო, მომხმარებელს ერთი ეპიზოდის ან ფილმის 70% მაინც უნდა ენახა. ამიერიდან კი ერთი მომხმარებლის მიერ ფილმის ან სერიალის ნახვა სტატისტიკაზე იქონიებს გავლენას, თუ 2 წუთის განმავლობაში მაინც უყურებთ ნეტფლიქსზე განთავსებულ კინო და ტელე-პროდუქციას.

ამგვარად ითვლის YouTube-ც ნახვების რაოდენობას: თუ ვიდეოს მცირე მონაკვეთს მაინც უყურებთ, ის მონაცემებში აისახება. ნეტფლიქსის განცხადებით, ახალი მიდგომით ნახვების რაოდენობა 35%-ით მაღალია, ვიდრე მანამდე.

ამავე მონაცემებით ფილმი Underground რაიან რეინოლდსის მონაწილეობით პირველ 4 კვირაში 83 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა, Stranger Things-ის მესამე სეზონი კი 63 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა.