გლობალური დათბობის შესახებ უამრავი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. ხშირად, არასწორი ინფორმაციის გავრცელება პოლიტიკურად ან იდეოლოგიურადაც შეიძლება იყოს მოტივირებული. უნდა გვახსოვდეს, რომ კლიმატის ცვლილება უშუალოდ ყველა ჩვენგანს ეხება, ამის გამო აუცილებელია, რომ არსებულ ვითარებაზე სწორი წარმოდგენა გვქონდეს.

ამ სტატიაში 5 გავრცელებულ მითზე მოგიყვებით და აგიხსნით, თუ რატომ არ შეესაბამება ეს მოსაზრებები სიმართლეს.

1. კლიმატის ცვლილება გლობალური დათბობის ნაცვლად

ხშირად ვრცელდება მოსაზრება, რომ კლიმატის ცვლილებასა და გლობალურ დათბობაში ერთი და იგივე რამ მოიაზრება. გლობალური დათბობის ბევრი სკეპტიკოსი ამტკიცებს, რომ "კლიმატის ცვლილება" ერთგვარი ევფემიზმია.

ზოგი ამტკიცებს, რომ ტერმინი "გლობალური დათბობა" კლიმატის ცვლილებამ იმიტომ ჩაანაცვლა, რომ წინასწარმეტყველებები დედამიწის დათბობის შესახებ მცდარი აღმოჩნდა, ამიტომ ის უფრო "მსუბუქი" ტერმინით, კლიმატის ცვლილებით ჩანაცვლდა.

ეს მხოლოდ და მხოლოდ შეთქმულების თეორიაა. სინამდვილეში, სამეცნიერო ლიტერატურაში ორივე ტერმინი გამოიყენება, რადგან ამ ტერმინებს სხვადასხვა მნიშვნელობა აქვთ.

გლობალურ დათბობაში მოიაზრება გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის ტენდენცია დროის დიდ მონაკვეთებში.

კლიმატის ცვლილება კი აღნიშნავს ცვლილებებს გლობალურ კლიმატში, რაც მეტწილად გლობალური ტემპერატურის ზრდის შედეგია.

კლიმატის ცვლილებაში მოიაზრება არამხოლოდ დათბობა, არამედ ყველა სხვა ცვლილება — ნალექიანობა, ძლიერი ქარიშხლები, გვალვა, სითბური ტალღები და ასე შემდეგ.

მარტივად რომ ითქვას, კლიმატის ცვლილება უფრო "ფართო" ცნებაა. კლიმატის ცვლილებაც და გლობალური დათბობაც სამეცნიერო ლიტერატურაში მუდმივად გამოიყენება და არავითარი საბუთი არ არსებობს იმისა, რომ ერთი ტერმინი მეორეთი ჩანაცვლდა.

2. კლიმატი ყოველთვის იცვლებოდა და ადამიანები არაფერ შუაში არიან

გლობალური დათბობის სკეპტიკოსები ხშირად ამტკიცებენ, რომ კლიმატის ცვლილება დედამიწაზე მუდმივი და არც ისე უცხო პროცესია. ჩვენს პლანეტას გადაუტანია ყველაფერი, დაწყებული დათბობით და დამთავრებული დიდი გამყინვარებებით, რაც სიმართლეა. თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ადამიანები დედამიწის დათბობას მნიშვნელოვნად აჩქარებენ.

სათბურის აირების ზრდას მეტწილად წიაღისეული საწვავის წვა განაპირობებს

სათბურის აირების ზრდას მეტწილად წიაღისეული საწვავის წვა განაპირობებს

ფოტო: Public Domain

კლიმატის ყველაზე რადიკალური ცვლილებები, რაც დიდი გამყინვარებით გვირგვინდება ხოლმე, გამოწვეულია დედამიწის ორბიტის ცვლილებებით, ამას "მილანკოვიჩის ციკლებს" უწოდებენ. მილანკოვიჩის თეორიის მიხედვით, დაახლოებით 100 000 წელიწადში ერთხელ დედამიწაზე გამყინვარება იწყება, თუმცა მას წინ დათბობა ახლავს ხოლმე.

ბევრი გლობალური დათბობის სკეპტიკოსი ამტკიცებს, რომ ამჟამინდელი დათბობა სწორედ მილანკოვიჩის ციკლებით არის გამოწვეული და სულ მალე გამყინვარება დაიწყება. თუმცა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მილანკოვიჩის ციკლების თეორიის მიხედვით, შემდეგი გამყინვარება 16 000-20 000 წელში დადგება.

დედამიწაზე, ადამიანების გამოჩენამდეც, უფრო "სწრაფი" დათბობები, რომლებიც არ იყო გამოწვეული მილანკოვიჩის ციკლებით, მეტწილად მაინც ეგრედწოდებული "სათბურის აირებით" იყო განპირობებული.

დედამიწის "სწრაფი დათბობა" ხშირად უამრავი სახეობის გადაშენების მიზეზი ხდებოდა. აქ ძალიან ლოგიკური კითხვა შეიძლება გაგიჩნდეთ, რა განაპირობებდა ნახშირორჟანგის ემისიების ასე ზრდას თუ ადამიანები და ინდუსტრიული წარმოება არ არსებობდა?

გეოლოგებისთვის ამ კითხვაზე პასუხი მარტივია. დღეს დედამიწა ძალიან განსხვავებულია იმასთან შედარებით, რაც იყო. მაგალითად, ახლა აღარ არსებობს აქტიური "სუპერ-ვულკანები," რომლებიც არნახული რაოდენობის ემისიებს გამოყოფდნენ.

დიახ, სიმართლეა, რომ კლიმატი ყოველთვის იცვლებოდა. ამ ცვლილებას კი ხშირად სწორედ სათბურის აირების ემისიები განაპირობებდნენ.

ცხადია ეს არ გამორიცხავს მზის გამოსხივების როლს კლიმატის ცვლილებაში.

3. სათბურის აირები გლობალურ დათბობას არ განაპირობებენ

გლობალური დათბობის ბევრი სკეპტიკოსი ამტკიცებს, რომ სათბურის აირების კონცენტრაციის ზრდა არ განაპირობებს გლობალური ტემპერატურის ზრდას. მეორენაირად რომ ითქვას, ნახშირორჟანგის და სხვა მსგავსი თვისებების აირების ემისიები არ განაპირობებენ გლობალურ დათბობას.

ამის საბუთად მათ შემდეგი გრაფიკი მოჰყავთ, სადაც ატმოსფერული ნახშირორჟანგის კონცენტრაცია და გლობალური ტემპერატურაა ნაჩვენები.

ეს გრაფიკი პირველად სავარაუდოდ ცნობილმა "სკეპტიკოსმა," ლორდ ქრისტოფერ მონქტონმა გამოიყენა. გრაფიკზე ნაჩვენებია, რომ, მაგალითად, დედამიწაზე პალეოზურ პერიოდში ნახშირორჟანგის მაღალი კონცენტრაციის მიუხედავად ჩვენს პლანეტაზე დიდი გამყივნარება სუფევდა.

სინამდვილეში, მონქტონის წარდგენილი დიაგრამა არის ერთმანეთზე დადებული ორი სხვადასხვა კვლევიდან აღებული გრაფიკი და არ ითვალისწინებს რიგ გარემოებებს.

კლიმატის მეცნიერები არ უარყოფენ მჭიდრო კავშირს ნახშირორჟანგის ემისიებსა და კლიმატს შორის.

მონქტონის გრაფიკი არ ითვალისწინებას იმ ფაქტს, რომ ნახშირორჟანგის მაღალი კონცენტრაცია ტემპერატურის ზრდას "მყისიერად" არ განაპირობებს, არამედ სათბურის აირების კონცენტრაციის ზრდის შემთხვევაში, ტემპერატურა იზრდება გრძელ ვადაში.

როგორც ჩანს, ამის შესახებ იციან იმ მკვლევარებმაც, რომელთა გრაფიკიც ზემოთ მოყვანილ გრაფიკში უკონტექსტოდ არის გამოყენებული.

"... მიუხედავად ყველაფრისა, ზოგადი ტრენდი უცვლელია. ეს ნიშნავს, რომ ხანგრძლივ პერიოდებში ნახშირორჟანგსა და პალეოტემპერატურას შორის მჭიდრო კორელაციაა. ატმოსფერული სათბურის ეფექტი ამის მანიფესტაციაა"

იმის საილუსტრაციოდ თუ როგორ მოქმედებს ნახშირორჟანგი ტემპერატურაზე, მარტივი ანალოგიის მოყვანა შეიძლება. წარმოიდგინეთ სახლი ზამთარში, რომელიც გაყინულია. როცა სახლში შეხვალთ და გათბობას ჩართავთ, სახლი მომენტალურად, რა თქმა უნდა, არ გათბება.

კლიმატზე ნახშირორჟანგის დაგვიანებული ეფექტის, მზის დასხივების სიმძლავრის და არეკვლის გათვალისწინებით, აღმოაჩენთ, რომ სათბურის აირები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ კლიმატის ცვლილებაში.

კორელაციის გარდა, ცნობილია კონკრეტულად რა ფიზიკური მექანიზმით განაპირობებს სათბური აირების მაღალი კონცენტრაცია კლიმატის ცვლილებას.

4. კლიმატის ცვლილების წინასწარმეტყველებები არაზუსტია

გლობალური დათბობის სკეპტიკოსებს ხშირად უყვართ გარკვეულ კვლევებში გაკეთებული გრაფიკების ან კონკრეტული მეცნიერების განცახადებების უკონტექსტოდ გაშუქება. სკეპტიკოსები ხშირად ამტკიცებენ, რომ კლიმატის მეცნიერება არაზუსტია და რომ პროექციები იმის თაობაზე თუ როგორ შეიცვლება გლობალური კლიმატი მომავალში მცდარია. აქ რამდენიმე ცნობილი მაგალითის განხილვა ღირს.

CATO-ს ინსტიტუტის მეცნიერი პეტ მაიკლსი 1998 წელს აშშ-ის კონგრესის წინაშე წარსდგა, სადაც ის პოლიტიკოსებს უმტკიცებდა, რომ გლობალური დათბობის შესახებ გაკეთებული წინასწარმეტყველებები, რომელიც ჯეიმს ჰანესნმა თავის კოლეგებთან ერთად აშშ-ის მთავრობას 1988 წელს წარუდგინა, "გასაოცრად მცდარია".

მაიკლსმა ეს გრაფიკი ჰანსენის კვლევიდან აიღო. გრაფიკზე ნაჩვენებია, რომ გლობალური ტემპერატურა ზრდას 1988-1998 წლებში ექსპონენციურად გააგრძელებდა. ეს გრაფიკი ჰანსენის და კოლეგების კვლევაში მართლაც არის, თუმცა ძალიან სხვა კონტექსტში.

კვლევაში რომელსაც მაიკლსი აკრიტიკებდა, აღწერილია გლობალური კლიმატის ცვლილების 3 შესაძლო სცენარი:

სცენარი A — რა მოხდებოდა თუ არაფერი გაკეთდებოდა ნახშირორჟანგის ემისიების ზრდის შესაჩერებლად.

სცენარი B — რა მოხდებოდა თუ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმებოდა ემისიების ზრდის შესაჩერებლად.

სცენარი C — რა მოხდებოდა თუ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმებოდა ემისიების შესამცირებლად.

კიოტოს პროტოკოლის შემუშავების შედეგად, რეალურად სცენარი B განხორციელდა. მაიკლსმა განგებ აარჩია ისეთი სცენარის ჩვენება, რომელიც მის ტყუილს დაასაბუთებდა. მიუხედავად იმისა, რომ მეთოდოლოგიურად მოძველებულია, ჰანსენის და კოლეგების 1988 წელს წარდგენილი კვლევის ცდომილება 13 პროცენტს არ აღემატება.

დღეს ტემპერატურის გაზომვის და ტრენდების წინასწარმეტყველების უკეთესი ხელსაწყოები გვაქვს.

5. კლიმატის ცვლილება საგანგაშო არ არის

სიტყვა "საგანგაშო" ძალიან სუბიექტური ტერმინია, თუმცა დარწმუნებული ვარ ბევრი დამეთანხმება, რომ გლობალური კატასტროფები, რომლებიც უმოქმედობის შემთხვევაში მომდევნო 100 წლის განმავლობაში მოხდება და მილიონობით ადამიანის სიცოცხლეზე ექნება გავლენა, ნამდვილად საგანგაშოა.

მაშ მოდი შევხედოთ რას წინასწარმეტყველებს კლიმატის მეცნიერება.

ჰაერის დაბინძურებით ყოველ წელს მილიონობით ადამიანი იღუპება

ჰაერის დაბინძურებით ყოველ წელს მილიონობით ადამიანი იღუპება

ფოტო: GETTY IMAGES

2100 წლამდე უსაფრთხოების ზომების არ-მიღების შემთხვევაში ყინულის მარაგის დნობა წყლის დონის 0.8-2 მეტრამდე მატებას გამოიწვევს, რის შედეგადაც არაერთი სანაპირო ზოლი დაიტბორება, რის გამოც მილიონობით ადამიანს მოუწევს საცხოვრებლის დატოვება, საბოლოო ზარალი კი ტრილიონობით ამერიკულ დოლარს მიაღწევს.

შესაძლოა, ყველა სანაპირო ზოლი გიგანტური გალავნით შემოღობონ, მაგრამ გარდა არაპრაქტიკულისა, ეს გეგმა არარეალისტურიცაა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ უფრო განვითარებადი ქვეყნები მსგავს პრევენციულ ზომებს ვერ მიიღებენ.

გლობალური დათბობა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს აგრონომიას და მეწარმეობასაც. ამჟამინდელი პროექციებით, 2100 წლამდე, მსოფლიოში მოსავალი 10-30 პროცენტით დაიკლებს.

დროთა განმავლობაში, ქარიშხლები და მსგავსი კატასტროფები მრავალჯერადად გაძლიერდება.

რაოდენობრივად ნაკლები, მაგრამ უფრო მეტად მძლავრი ქარიშხლების შედეგებს უკვე კარგად ვამჩნევთ.

ბოლო ცნობებით, 2100 წლამდე, გლობალური დათბობის შედეგად გამოწვეული ზარალი მსოფლიოს მშპ-ის მინიმუმ 5% მიაღწევს.

სად მოვიძიოთ სანდო ინფორმაცია კლიმატის ცვლილების შესახებ?

გლობალური დათბობა და კლიმატის ცვლილება ხშირად მწვავე დისკუსიის საგანია. პოლიტიკოსები და იდეოლოგიურად მოტივირებული ადამიანები კლიმატის მეცნიერების და კლიმატოლოგების მიგნებებს ხშირად არასწორად წარადგენენ.

შესაბამისად, მნიშველოვანია, რომ ინფორმაცია კლიმატის ცვლილების შესახებ პირდაპირ სამეცნიერო პუბლიკაციებიდან ან მონაცემთა სანდო შემგროვებელი ინსტიტუტებიდან მოვიპოვოთ.

კლიმატის შემსწავლელი ინსტიტუტების რჩევით, ქვეყნები ემისიების შემცირებისთვის თანამშრომლობენ

კლიმატის შემსწავლელი ინსტიტუტების რჩევით, ქვეყნები ემისიების შემცირებისთვის თანამშრომლობენ

IPCC ანუ კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერთა ჯგუფი მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციისა და გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის მიერ დაარსდა და ის კლიმატის ცვლილების რისკების შესახებ ინფორმაციას რეგულარულად აქვეყნებს. წლის ბოლოს კი ახალ მიგნებებს და რეკომენდაციებს ცნობის სახით გამოსცემს. IPCC სამეცნიერო კვლევებს არ ატარებს, არამედ , სამეცნიერო ლიტერატურიდან შეგროვებულ მონაცემებზე დაყრდნობით, მონაცემებს აქვეყნებს.

NASA, ანუ აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო მუდმივად ატარებს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ კვლევებს და შეგროვებულ მონაცემებს ხელმისაწვდომად აქვეყნებს.

უამრავ წამყვან მეცნიერს აერთიანებს ლონდონის სამეფო საზოგადოებაც, რომელიც სხვა სამეცნიერო საქმიანობებთან ერთად, კლიმატის შემსწავლელი ერთ-ერთი უძველესი ორგანიზაციაცაა.

თუ გსურთ მეტი გაიგოთ გლობალური დათბობის შესახებ, პირველ რიგში ამ წყაროებით ისარგებლეთ. ტელევიზიები, ბლოგები და არასამეცნიერო ჟურნალები იდეოლოგიური მიდრეკილებებიდან ან სენსაციონალისტური მიდგომებიდან გამომდინარე ფაქტებს ამახინჯებენ და მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავთ.

ვფიქრობ გლობალური დათბობის შესახებ ადეკვატური ინფორმაციის ქონა თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა, რადგან ეს პრობლემა ყველა ჩვენგანს ეხება და ის მთელ კაცობრიობაზე ისახება.