დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპზე საქართველო ჩინეთში აღმოჩენილი კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით რისკი მინიმალურია, მაგრამ მაინც არსებობს.

"ძირითადი კლინიკური გამოხატულება ამ ვირუსის მიერ გამოწვეული დაავადებისა არის ანალოგი ნებისმიერი რესპირატორული ინფექციით გამოწვეული დაავადებისა: ცხელება, ხველა, თავის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება და მიმდინარეობს ყველაზე ხშირად გართულებით, როგორიცაა ფილტვების ანთება... ჩვენ გვაქვს გეგმის მონახაზი, მიმდინარეობს შიდა კონსულტაციები და გატარდება შესაბამისი ზომები", — თქვა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, იმის გამო, რომ ჩინეთის ქალაქ უხანთან, სადაც ვირუსის გავრცელება დაფიქსირდა შორს ვართ და არ გვაქვს პირდაპირი ფრენები, საფრთხე ნაკლებია. ამირან გამყრელიძის განმარტებით ამ ქალაქთან პირდაპირი ფრენა აქვს პარიზს, ლონდონსა და რომს, სადაც შესაბამის ღონისძიებებს მთავრობა ახორციელებს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს რეკომენდაციებს:

უხანში წამსლველთვის:

  • მოერიდეთ ავადმყოფ ადამიანებთან კონტაქტს;
  • მოერიდეთ ცხოველებთან კონტაქტს (მკვდარი, ცოცხალი) ცხოველთა ბაზრებსა ფერმებს, ცხოველურ პროდუქტებს (თერმულად არასაკმარისად დამუშავებული ხორცი);
  • ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, ხოლო მათზე ხელმისაწვდომობის არქონის შემთხვევაში გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სადენზიფექციო საშუალება;
  • ხანში შესულმა და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მოგზაურებმა, რომლებმაც უხანში გაემგზავრებით შესაძლებელია უფრო მეტი რისკი შეუქმნან საკუთარ ჯანმრთელობას, გამგზავრება უნდა შეათანხმონ თავიანთ სამედიცინო დახმარების მიმწოდებელთან.

თუ უკვე იმოგზაურეთ უხანში და გაქვთ:

მაღალი ტემპერატურა, ხველა ან სუნთქვის გაძნელება:

  • დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს
    აცნობეთ ექიმს თქვენი მოგზაურობისა და სიმპტომების შესახებ;
  • მოერიდეთ სხვა ადამიანებთან კონტაქტს, არ იმოგზაუროთ ავადმყოფობის პერიოდში;
  • დაიფარეთ პირისა და ცხვირის მიდამო ცხვირსახოცით ან ტანსაცმლის სახელოს გამოყენებით (და არა ხელით) ცემინების და ხველის დროს;
  • ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, ხოლო მათი არქონის შემთხვევაში გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სადენზიფექციო საშუალება.
  • სამედიცინო დაწესებულებებში საჭიროა გაძლიერდეს ინფექციის კონტროლის სტანდარტული ღონისძიებები, განსაკუთრებით საავადმყოფოებსა და გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში.

ახალი ვირუსი, ცნობილი როგორც 2019-nCoV, პირველად ქალაქ უხანში, დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით, მისი გავრცელების მექანიზმის შესახებ კითხვები ჯერ კიდევ არსებობს. ვირუსი ჩინეთის გარდა კიდევ ოთხ ქვეყანაში დააფიქსირეს. ჩინეთში ვირუსით ექვსი ადამიანი დაიღუპა, დაავადებულთა რიცხვი კი 300-ს აჭარბებს.

დაავადების გავრცელების რისკის გამო, მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნის აეროპორტებში უხანიდან მიმავალი ტურისტებს სკრინინგს უკეთებენ. უშუალოდ უხანის აეროპორტში და საჯარო ტრანსპორტის სადგურებში კი ინფრაწითელი თერმომეტრები დაყენდა, რომლებიც მგზავრების ტემპერატურას ზომავენ.

გაიგეთ მეტი: