თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი თვე დასჭირდება პარლამენტის წინ ტროტუარის რეაბილიტაციას. ამის შესახებ უწყებაში On.ge-ს განუცხადეს.

ამ ეტაპზე მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი ჯდება.

იმის მიუხედავად, რომ რეაბილიტაცია ზუსტად იმ ადგილზე დაიწყო, სადაც ბოლო რამდენიმე თვეა ხელისუფლების წინააღმდეგ აქციები იმართება, თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანი ამბობს, რომ ამ ორ საკითხს ერთმანეთთან კავშირი არ აქვს.

"ეს არანაირად კავშირში არ არის საპროტესტო ზონასთან და არეალთან. არის ქალაქისთვის ჩვეულებრივი, ცენტრალური ადგილი, არის განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა, ისტორიული მნიშვნელობის შენობა და აუცილებელი არის მიმდებარე ტერიტორია იყოს მოწესრიგებული", — განაცხადა ბენდელიანმა.

22 იანვრის თბილისის მთავრობის სხდომაზე კახი კალაძემ თქვა, რომ პარლამენტის წინ "საშინელი მდგომარეობაა" და მერია რეაბილიტაციას იწყებს. იმავე ადგილზე მანამდე განთავსებული საახალწლო ატრაქციონები სპეციალურმა სამსახურებმა ღამის განმავლობაში აიღეს და ღობით ჩაანაცვლეს. ამ დროისთვის ეს ტერიტორია მწვანე ჯებირითაა შემოღობილი.

პარლამენტის წინა ტერიტორია თბილისი მერიამ 30 დეკემბერს ღამით მორეცხა. კარვების აყრისა და ტერიტორიის გაწმენდის შემდეგ მერიამ აქ საახალწლო ატრაქციონები დაამონტაჟა. 31 დეკემბერს პოლიციელებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირებისას სამართალდამცავებმა ძალით გაიყვანეს #სირცხვილიას აქტივისტები და ჯამში 9 პირი დააკავეს.