დღეს, 28 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კენჭისყრის საფუძველზე უვადოდ დაინიშნენ ის მოსამართლეები, რომლებსაც 3 წლიანი ვადა 2016 წლის 29 ნოემბერს ეწურებათ.

კენჭისყრის შედეგად დაინიშნენ:

  • ლევან მიქაბერიძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
  • გიორგი მიროტაძე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია
  • ნატალია ნაზღაიძე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა
  • მურთაზ მეშველიანი - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა
  • ხათუნა ხომერიკი - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
  • ნანა ჭიჭილეიშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
  • ციცინო კიკვაძე - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ტყიბულის მუნიციპალიტეტში
  • გოჩა ფუტკარაძე - ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
  • ნინო შარაძე - გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
  • გერმანე დადეშქელიანი - გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
  • მერაბ ღვინიაშვილი - სიღნაღის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში
  • ნანა ჯანხოთელი - ცაგერის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ლენტეხის მუნიციპალიტეტში

კენჭისყრასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებთან განმარტებები გააკეთა, მისი თქმით, კანონის თანახმად, ვინც დაინიშნა 3 წლის წინ მოსამართლედ, დღეს იმათი კენჭისყრაა. ჟურნალისტის შეკითხვაზე დაუსვეს თუ არა ნატა ნაზღაიძეს შეკითხვები გასაუბრებაზე, რუსთავი 2-ის საქმის შესახებ, ლევან მურუსიძემ უპასუხა, რომ კონკრეტული საქმეები მოსამართლეებთან არ განუხილავთ:

"ზოგადი შეკითხვები იქნა დასმული, არამარტო იმ კონკრეტული მოსამართლეების მიმართ, ვინც თქვენ გაინტერესებთ, არამედ სხვა მოსამართლეების მიმართაც. კონკრეტულ თემებზე, კონკრეტულ საქმეებზე საუბარი არ ყოფილა. კითხვები დაისვა თუ ზოგადად როგორ ართმევენ თავს ისინი გახმაურებულ საქმეებს. ყველამ მიიღო შესაბამისი და სათანადო ქულები, რომლებმაც გადალახეს მინიმალური ზღვარი. ზოგადად მოსამართლეს კონკრეტულ საქმეზე ანგარიშს ვერ მოვთხოვთ".

მოსამართლეთა უვადო გამწესება, კონსტიტუციის 86-ე მუხლის მიხედვით დღეს საქართველოში პირველად განხორციელდა.