ახალი საქართველოს ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ თბილისის მერიის მიერ პარლამენტის წინ მიტანილი მწვანე ღობე, არის დაბრკოლება, რომელიც მათ საკუთარი ხალხისა წინააღმდეგ აღმართეს.

"ღობე აღმართეს იმ ადგილზე, სადაც მშვიდობიანი პროტესტი ტარდებოდა. ღობე აღმართეს ხელისუფლებასა და ხალხს შორის, თავის თავსა და ამომრჩეველს შორის", — განაცხადა ვაშაძემ პარლამენტის წინ.

მწვანე ღობე პარლამენტის წინ მას შემდეგ დაიდგა, რაც გუშინ, 21 იანვარს საახალწლო ატრაქციონები აიღეს, რომლებიც 2019 წლის 31 დეკემბერს აქტივისტებთან დაპირისპირებისა და დაკავებების ფონზე დაიდგა. დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ პარლამენტის წინ, იქ, სადაც მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავი იდგა, სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება გადაწყვიტეს.

მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ მისი პროტესტი იქ მაინც გაგრძელდება და "კარვებიც დაიდგმება და ბანერიც".

"ჯებირი კი არა ჩინური კედელი რომ აღმართონ, ჩემი პროტესტი იქ გაგრძელდება, მე ამათ დავანგრევ, მე ამათ დავამთავრებ გახარიას თქმის არ იყოს. კარვებიც დაიდგმება და ბანერიც დაიდგმევა", — ამბობს მაჩალიკაშვილი, რომელიც მესამე ზამთარია პარლამენტთან შვილის მკვლელობის მიზეზების დადგენას მოითხოვს.

პარლამენტის წინა ტერიტორია თბილისი მერიამ 30 დეკემბერს, ღამით მორეცხა. კარვების აყრისა და ტერიტორიის გაწმენდის შემდეგ მერიამ აქ საახალწლო ატრაქციონები დაამონტაჟა. 31 დეკემბერს პოლიციელებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირებისას სამართალდამცავებმა ძალით გაიყვანეს #სირცხვილიას აქტივისტები და ჯამში 9 პირი დააკავეს.

მერიამ პარლამენტის შენობის წინ შადრევნის გარემონტებისთვის ტენდერი რამდენჯერმე გამოაცხადა. 2018 წელს მომზადებული სატენდერო პირობების მიხედვით პროექტის ღირებულება 19 706 ლარი იყო. საპროექტო ობიექტის აღწერაში მითითებული იყო, რომ პარლამენტის შენობის წინ მოედანზე, განთავსებულია შადრევანი, რომლის სატუმბი სადგური მდებარეობს მიწის ქვეშ. ატმოსფერული ნალექების მოსვლის დროს კი წყალი ჟონავს, რაც საფრთხეს უქმნის და აზიანებს მიწისქვეშ განთავსებულ სატუმბ სადგურს.