ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვანთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. ამის შესახებ პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ უზენაეს სასამართლოში პროცესის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, მსჯავრდებულმა დავით სარალიძის მკვლელობა აღიარა. საპროცესო შეთანხმების პირობებზე და დეტალებზე პროკურორი არ საუბრობს:

"მიღწეულია საპროცესო შეთანხმება გ.ჯ.-სთან, ადვოკატმა მოგვმართა შუამდგომლობით. მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია დანაშაული, მიაწოდა ბრალდების მხარეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია".

ხორავას ქუჩის საქმეზე მსჯავრდებული ორი არასრულწლოვნის საქმის განხილვა დღეს, 22 იანვარს უზენაეს სასამართლოში დაიყო. მსჯავრდებული არასრულწლოვანი პირველმა ორმა ინსტანციამ დამნაშავედ სცნო დავით სარალიძის მკვლელობაში ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად. მას სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეეფარდა.

მკვლელობა ხორავას ქუჩაზე

2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე სკოლის მოსწავლეების ჩხუბის შედეგად 2 არასრულწლოვანი გარდაიცვალა. ეს საქმე ყველაზე ხმაურიან გამოძიებად იქცა ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში.

მკვლელობიდან მეოთხე დღეს გახარიამ საზოგადოებას აცნობა, რომ დანაშაულის ჩამდენი ყველა პირი დადგენილი და გამოვლენილი იყო. ერთ კვირაში კი იმდროინდელმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა საგამოძიებო უწყებები შეაქო და თქვა, რომ ყველას გაუქრა ეჭვი ვინმეს დაუსჯელად დატოვების შესახებ.

მკვლელობიდან მხოლოდ 6 თვის შემდეგ და სარალიძის მასშტაბური საპროტესტო აქციის დაწყების მეორე დღეს განაცხადა შსს-მ, რომ არსებობდა ეჭვი საქმეზე ზემოქმედების შესახებ. შვილმოკლული მამა პრემიერ-მინისტრს შეხვდა, რის შემდეგაც გამოძიებას 10 ივნისამდე მისცა ვადა დამნაშავეების დასაჭერად. შსს-მ პირობა დადო, რომ "ქმედით ნაბიჯებს" გადადგამდა.

ამ შეხვედრიდან 4 დღეში შსს-მ განაცხადა, რომ საქმეში მონაწილე პირი გამოავლინა და დააკავა. ეს იყო მერაბ მორჩაძე, რომელსაც მოწმეზე ზემოქმედებას ედავებოდნენ. თუმცა, შვილმოკლული მამა კონკრეტულ პიროვნებებს, პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსან მირზა სუბელიანს ადანაშაულებდა დანაშაულის დაფარვაში, შვილის მკვლელობაში დამნაშავედ კი მიხეილ კალანდიას მიიჩნევდა. მეორე დღეს დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს მირზა სუბელიანიც.

შვილმოკლულმა მამამ განაცხადა, რომ სუბელიანის დაკავება "მისთვის გადაგდებული საკენკია". ის ამტკიცებდა, რომ სუბელიანი მთელ ამ საქმეს აკონტროლებდა და მხოლოდ დანაშაულის შეუტყობინებლობა არ უნდა დადებოდა ბრალად. მოგვიანებით, სარალიძის ვერსია დაამტკიცა რუსთავი 2-ის გავრცელებულმა "მირზა სუბელიანის ჩანაწერებმაც", სადაც, სავარაუდოდ, ყოფილი მაღალჩინოსანი მთავრობის ინტერესებისთვის საქმეების გაყალბებაზე საუბრობს.

ამ ჩანაწერებში, სავარაუდოდ, სუბელიანი გახარიასთან კავშირებსაც უსვამდა ხაზს და ამბობდა, რომ მინისტრმა თავის მოადგილეს სუბელიანის საქმის "ფინანსური კუთხის მოგვარება" დაავალა. სავარაუდოდ, სუბელიანი ამბობდა იმასაც, რომ უწყებებს ერთწლიან სასჯელზე შეუთანხმდა, რომელსაც მოიხდიდა და შემდეგ "თავი უნდა დაენებებინათ". ამ საკითხზე დასმული კითხვების პასუხად გახარიამ ნიშნისმოგებით თქვა, რომ ხალხი იმასაც ამბობდა, სუბელიანს ვერ დაიჭერთ, მაგრამ ახლა ციხეშია და იქამდე იჯდება, როგორც ამას სასამართლო გადაწყვეტსო. სუბელიანმა კი ციხე ერთ წელში დატოვა.

გახარიას მოუწია აღიარება, რომ მის უწყებაში ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარდა, რამაც საქმეზე გავლენა იქონია. მანვე აღნიშნა, რომ ზოგადად საგამოძიებო ნაწილში კვალიფიკაციის პრობლემა აქვთ.

სარალიძემ აქციები განაახლა და გახარიას გადადგომა მოითხოვა. მაშინ, სულ სხვა მიზეზით, მაგრამ გადადგა არა გახარია, არამედ პრემიერი კვირიკაშვილი.

თითქმის ორწლიანი გამოძიების შემდეგ 2019 წლის 3 ივნისს სააპელაციო სასამართლომ დათო სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის საქმეში დამნაშავედ არასრულწლოვანი გ.ჯ. ცნო. განაჩენის გამოცხადების მეორე დღეს კი მიხეილ კალანდია დააკავეს.