ირაკლი შოთაძის მთავარ პროკურორად მოსალოდნელი დანიშვნის გასაპროტესტებლად პროკურატურასთან ზვიად კუპრავამ აქტივისტებთან ერთად "ბოტასის ძეგლი" დადგა. აქტივისტები ამბობენ, რომ მთავარ პროკურორად შოთაძის დანიშვნა საზოგადოების შეურაცხყოფაა.

"მოპარული ბოტასი მთლიანად ასოცირდება დღევანდელ პროკურატურასთან, შოთაძის, ფარცხალაძის პროკურატურასთან და სწორედ ამიტომ, ჩვენ საპრეზენტაციოდ ჩვენ მოვიტანეთ ბოტასის ძეგლი. საკმაოდ პომპეზური და კარგი, რომელსაც ჰქვია საფირმო სახელწოდება ოთარასი. ჩვენი პროტესტი არის შემდეგი, თუ არაფერი არ დაუშავებია იმაზე მეტი სუბელიანს, რაც დააშავა შოთაძემ და თუ შოთაძეს აბრუნებენ, მაშინ დააბრუნონ მირზა სუბელიანიც", — თქვა ზვიად კუპრავამ TV პირველთან საუბრისას.

დღეს, 22 იანვარს საპროკურორო საბჭოს სხდომა გაიმართება. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ზვიად კუპრავა აქტივისტებთან ერთად ყოფილი მთავარი პროკურორის წინააღმდეგ აქციას მართავს. წინა პერფორმანსის დროს ზვიად კუპრავამ ლაშა ცუცქირიძესთან ერთად პროკურატურასთან ყუთით ბოტასები მიიტანა და მათი ნაწილი ეზოში გადაყარა. მოგვიანებით ამის გამო სასამართლომ ისინი 600-600 ლარით დააჯარიმა.