აშშ-ში ახალი კორონავირუსით დაავადების შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა ვაშინგტონის შტატში დაფიქსირდა.

დასავლური მედიის ცნობით, ადამიანი, რომელსაც ვირუსით ინფიცირება დაუდგინდა, ჩინეთში მოგზაურობიდანაა დაბრუნებული.

ახალი ვირუსი, ცნობილი როგორც 2019-nCoV, პირველად ქალაქ ვუჰანში, დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით, მისი გავრცელების მექანიზმის შესახებ კითხვები ჯერ კიდევ არსებობს. ვირუსი ჩინეთის გარდა კიდევ ოთხ ქვეყანაში დააფიქსირეს. ჩინეთში ვირუსით ექვსი ადამიანი დაიღუპა, დაავადებულთა რიცხვი კი 300-ს აჭარბებს.

დაავადების გავრცელების რისკის გამო, მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნის აეროპორტებში ვუჰანიდან მიმავალი ტურისტებს სკრინინგს უკეთებენ. უშუალოდ ვუჰანის აეროპორტში და საჯარო ტრანსპორტის სადგურებში კი ინფრაწითელი თერმომეტრები დაყენდა, რომლებიც მგზავრების ტემპერატურას ზომავენ.