უმრავლესობის წევრი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ ჯინსებით "სამუშაო ადგილზეც ყოფილა და მეტროპოლიტენ ოპერაშიც". ამის შესახებ მან იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებაზე საუბრისას თქვა.

როგორც ვოლსკი ამბობს, ჯინსები თავისუფლების სიმბოლოა, თუმცა ციხის საკანში მყოფი პატიმრისთვის, შეიძლება "კარგის ნიშანი არ იყოს".

"რატომღაც დახეული არ მომწონს, მაგრამ, რეალურად, იქ სულ სხვა კონტექსტში იყო ნათქვამი. სახალხო დამცველმა თქვა, რომ ხშირ შემთხვევაში თანამშრომლებს არ აცვიათ შესაბამისადო და ამანაც უთხრა, ეგრე სახალხო დამცველსაც ჯინსები არ უნდა ეცვას დახეულიო. თვითონ დახეული ჯინსების თემა მართლაც არის თავისუფლების სიმბოლო. მაგრამ, თავისუფლების სიმბოლო მაინცდამაინც პატიმრისთვის, რომელიც ოთხ კედელს შორის არის გამოკეტილი შეიძლება მაინცდამაინც კარგის ნიშანი არ იყოს", — განაცხადა გია ვოლსკიმ TV პირველის ეთერში.

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სახალხო დამცველის კრიტიკას პენიტენციურ სისტემასთან დაკავშირებით რეკომენდაციებით უპასუხა. წულუკიანის თქმით, ომბუდსმენი პენიტენციურ დაწესებულებებში თავად არ დადის და ანგარიშს ამზადებს ისეთ თანამშრომლებზე დაყდრნობით, რომლებიც "ვითომ მონიტორინგს" ატარებენ. წულუკიანმა ომბუდსმენს უთხრა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ისეთ თანამშრომელს ნუ გააგზავნია, რომელსაც, "დახეული ჯინსი აცვია".