ევროპარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე მყოფი საქართველოს დელეგაცია ევროპარლამენტარებმა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ფონის გამო გააკრიტიკეს და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაუსვეს კითხვები. ისინი დაინტერესდნენ, რატომ არ შეასრულა მთავრობამ დაპირება და რატომ დაიწყო რამდენიმე გამოძიება ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ.

რუსთავი 2-ის, ფორმულასა და მთავარი არხის გავრცელებული თარგმანების მიხედვით, ევროპარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები დემოკრატიის ხარისხზე ცუდად მეტყველებს.

"მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია იზრდება, მაგრამ ამავდროულად ქართველი ხალხი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დემოკრატიამ უკან დაიხია, ეს ძალიან შემაშფოთებელია. მაგალითად, შევხედოთ უკრაინას, რომელსაც ომი აქვს, მაგრამ დემოკრატიულ რეფორმებს ატარებს. მაშინ, როდესაც თქვენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაპირება ვერ შეასრულეთ და ეს ფაქტი საქართველოში დემოკრატიის ხარისხზე კარგად არ მეტყველებს", — განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის წევრმა, სანდრა კალნიეტემ.

ამავე პარტიის წევრმა, ანდრიუს კუბილიუსმა კი ქართულ დელეგაციას პარტიის ლიდერებისთვის გზავნილის გადაცემა სთხოვა. მან აღნიშნა, რომ ისინი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას დაპირდნენ, რაც არ შეასრულეს.

"ჯერ კიდევ ველოდები. წინააღმდეგ შემთხვევაში დაგეგმილი შეხვედრის მიმართ ნდობა ლიმიტირებული იქნება", — განაცხადა მან.

ევროპარლამენტარებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტსაც, რომ 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო დაკავებულთა რიცხვი დიდია, რაც არასწორია.

"რაც მეტი პატიმარი გეყოლებათ ამ მოვლენების შემდეგ, მით უფრო თავდაჯერებული გახდება რუსეთი თქვენთან მიმართებაში", — აღნიშნა ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის წევრმა, ანა ფოტიგამ.

ევროპარლამენტარებმა მედიის თავისუფლების საკითხსა და პოლიტპატიმრებზეც ისაუბრეს. მათი თქმით, ბოლო პერიოდში დაწყებული გამოძიებები საეჭვოა. მათივე თქმით, მსგავსი დამოკიდებულებები საქართველოს მთავრობას არ დაეხმარება იმაში, რომ ევროპარლამენტში მეგობრები შეიძინოს.

საქართველოს დელეგაციას ევროპარლამენტში პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახაბერ კუჭავა და შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი წარადგენდნენ. კუჭავამ კრიტიკის პასუხად განაცხადა, რომ ევროპარლამენტარებს მომხდარზე სრული და სწორი ინფორმაცია არ აქვთ და მათ ცალკე შეხვედრა და განხილვა შესთავაზა.

მომხდარს გამოეხმაურენ საქართველოში მყოფი ქართული ოცნების წევრებიც. ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ კრიტიკული პოზიცია სახალხო პარტიის წარმომადგენლებს ქონდათ, რომელთა ჯგუფშიც ნაციონალური მოძრაობაც შედის.

ყოფილი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი კი აცხადებს, რომ ევროპარლამენტარების მწვავე შეფასებები მოსალოდნელი იყო. მისი თქმით, როდესაც ქვეყნის პარტნიორები განაგრძობენ წუხილის გამოთქმას მიმდინარე მოვლენების გამო და ხელისუფლება არაფერს აკეთებს ამ წუხილების შესასუსტებლად, ეს ქვეყნისთვის დამაზიანებელია.