კლუბ ბასიანთან სროლის საქმეზე დაკავებულ ბიძინა ჩაჩხიანს პროკურატურამ ბრალი ისევ გადაუკვალიფიცირა. საგამოძიებო უწყების ცნობით, დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ბიძინა ჩაჩხიანს ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის წარედგინა.

დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის "ბ", მე-2 ნაწილის "გ" და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით.

ბრალდებულ ბიძინა ჩაჩხიანს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. 12 დეკემბერს ჩაჩხიანმა კლუბ ბასიანთან ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა. თვითმხილველთა თქმით, კაცი მანამდე აგრესიული ქცევის გამო კლუბიდან გააძევეს, ის ცოტა ხანში ცეცხლსასროლი იარაღით მობრუნდა და სამი ადამიანი დაჭრა.