21 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმი მიზნად ისახავს მხარეებს შორის აკადემიური თანამშრომლობის დამყარებას, საუნივერსიტეტო სამედიცინო განათლების და კვლევის განვითარების ხელშეწყობას, სტუდენტების პროფესიული ცოდნის, კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების სრულყოფას.

მემორანდუმის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები მხარეებს შორის გამართულ აქტივობებში ჩაერთვებიან.

"საქმე ეხება მემორანდუმს, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამედიცინო პროგრამების და საზოგადოებრივი ჯანდაცვის განვითარების ჩარჩოში. მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში ჩვენთან არსებობდა ჯანდაცვის მენეჯმენტისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამა. ცოტა ხნის წინ, ჩვენ დავიწყეთ მიმართულების გაძლიერება იმ შედეგების გათვალისწინებით, რომელიც გვქონდა სამედიცინო კვლევებში"— განაცხადა, ილიაუნის რექტორმა, გიგა ზედანიამ.

ზედანიას თქმით, ილიას უნივერსიტეტს სერიოზული გეგმები აქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის განვითარების კუთხით. რაც შეეხება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, უნივერსიტეტი მათთან სამეცნიერო კვლევების მიმართულებით უკვე დიდი ხანია თანამშრომლობს.

"ვაპირებთ, გავაფართოვოთ თანამშრომლობა და მან მოიცვას სამედიცინო მიმართულება. დარწმუნებული ვართ, რომ ეს თანამშრომლობა ახალ იმპულსს შესძენს როგორც სამედიცინო განათლების განვითარების საქმეს, ისე სამედიცინო მომსახურების განვითარებას საქართველოში" — განაცხადა გიგა ზედანიამ.

ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდეგ, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პაატა იმნაძემ ისაუბრა მემორანდუმის მნიშვნელობაზე და იმ მიზნებსა თუ ვალდებულებებზე, რომელსაც ცენტრი განახორციელებს.

"მოგეხსენებათ, ლუგარის ცენტრი საქართველოში და მთლიანად რეგიონში გამოირჩევა შესაძლებლობებით ბიოსამედიცინო მეცნიერებებსა და მოლეკულურ ბიოლოგიაში, რის გარეშეც თანამედროვე სამედიცინო ან ბიოლოგიური განათლება პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ საქართველოს თითქმის ყველა უნივერსიტეტი სარგებლობს ამ შესაძლებლობებით. დღეს უკვე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს მიეცემათ საშუალება, ჩაერთონ საქართველოს ცენტრალურ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაწესებულებებში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში", — განაცხადა პაატა იმნაძემ.