ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას დეპუტატების კრიტიკას უპასუხა და თქვა, რომ მმართველი გუნდი 2012 წლამდეც ანგარიშს აკრიტიკებდა და არა მასში მოყვანილ ფაქტებს.

"დღეს მიმდინარე განხილვებს გარკვეულ პარალელებს გავუკეთებდი, თუნდაც 2012 წლამდე მსგავს განხილვებთან, როდესაც პარლამენტის წევრები მმართველი პარტიიდან იყვნენ უკმაყოფილო და უფრო მეტად ანგარიშს აკრიტიკებდნენ, ვიდრე იქ არსებულ ვითარებას. ამბობდნენ, რომ ეს ინფორმაციები არ იყო დასაბუთებული, თითქოსდა სახელი და გვარები არ იყო მოცემული, კონკრეტულ ფაქტებზე არ იყო საუბარი. ფაქტია, რომ სახალხო დამცველი საუბრობდა იქ არსებულ ვითარებაზე და იმის გამო, რომ წაუყრუა პარლამენტმა, ფაქტია, რომ ჩვენ ძალიან მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა ამ პრობლემის ხანგრძლივმა უგულველყოფამ", — თქვა ნინო ლომჯარიამ პარლამენტში გამოსვლისას.

ომბუდსმენი ამბობს, რომ მისი შთაბეჭდილებით, დღესაც დეპუტატები კრიტიკულად უყურებენ თავად სახალხო დამცველის საქმიანობას და არა ანგარიშში მოყვანილ ფაქტებს.

ნინო ლომჯარიამ დღეს, 21 იანვარს ციხეებში არსებულ ვითარებაზე პარლამენტს სპეციალური ანგარიში წარუდგინა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ციხეებში ჯერ კიდევ არის კრიმინალური სუბკულტურა და ძალადობის ფაქტები. ომბუდსმენის ანგარიში ადგილზე მოისმინა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, რომელმაც ლომჯარიას აპარატს პროფესიონალიზმი დაუწუნა. მან ანგარიშში მოყვანილ ფაქტებს "სიცრუე" უწოდა და თქვა, რომ სახალხო დამცველი პატიმრებს პირადად არ ხვდება.