20 იანვარს ცნობილ ამერიკელ ხელოვანს, დევიდ ლინჩს 74 წელი შეუსრულდა და სწორედ ამ თარიღს დაამთხვია ნეტფლიქსმა რეჟისორის ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმის პრემიერაც.

What Did Jack Do? — ასე ჰქვია ლინჩის 17-წუთიან ფილმს, რომელიც შავ-თეთრ ფერებშია გადაღებული და გასული საუკუნის პირველ ნახევარში შექმნილ კინოსურათს მოგაგონებთ. ფილმში მხოლოდ ორ გმირია: თავად დევიდ ლინჩი, რომელიც დეტექტივის როლშია და მაიმუნი, რომელიც მკვლელობასთან დაკავშირებით ჩვენებას აძლევს.

არ მოგჩვენებიათ: დევიდ ლინჩი და მაიმუნი ბნელ ოთახში მკვლელობაზე საუბრობენ. მეტიც — მაიმუნი, სახელად ჯეკი კოსტიუმშიც კია გამოწყობილი.

ფოტო: Netflix

ლინჩის ახალმა ფილმმა ბევრს რეჟისორის პირველი ნამუშევარი, 1977 წელს გადაღებული ფილმი Eraserhead მოაგონა.

ნეტფლიქსზე ფილმის აღწერაში ვკითხულობთ, რომ ეს მოკლემეტრაჟიანი სურათი კრიმინალური დრამაა, თუმცა ამ ექსპერიმენტალური ნამუშევრის ასე მარტივად დახასიათება რთულია: სიურრეალისტური სიუჟეტი თავისი აბსურდულობით მრავალგვარ ემოციას იტევს თავის თავში.

დევიდ ლინჩი კინოსამყაროში ცნობილია თავისი ხელწერით, რომელიც ყველა სხვა ცნობილი ხელოვანისგან განსხვავდება. მას გამორჩეულად იცნობენ ისეთი ფილმებით, როგორებიცაა Blue Velvet (1986) და Mulholland Drive (2001), თუმცა განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა სერიალმა Twin Peaks, რომლის ჯერჯერობით ბოლო სეზონის პრემიერა 2017 წელს შედგა.

რეჟისორის ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმის What Did Jack Do? ხილვა ნეტფლიქსზე შეგიძლიათ.