იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი სახალხო დამცველის კრიტიკას პენიტენციურ სისტემასთან დაკავშირებით რეკომენდაციებით პასუხობს. წულუკიანის თქმით, ომბუდსმენი პენიტენციურ დაწესებულებებში თავად არ დადის და ანგარიშს ამზადებს ისეთ თანამშრომლებზე დაყდრნობით, რომლებიც "ვითომ მონიტორინგს" ატარებენ. ამის შესახებ წულუკიანმა პარლამენტში ციხეებში ძალადობისა და სუბკულტურის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა და თან ციხის საკანში გადაღებული ვიდეოც აჩვენა.

როგორც წულუკიანი ამბობს, ვიდეოზე ჩანს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელი მონიტორინგის დროს პატიმარს ყავას ადუღებინებს, მის შოკოლადს "მიირთმევს", ეწევა პატიმრის სიგარეტს და სარგებლობს საკანში არსებული სველი წერტილით. წულუკიანმა ომბუდსმენს სთხოვა, რომ ასეთი თანამშორმლები აღარ გაუგზავნოს.

"მე არ ვამბობ, რომ ეს არის მასიური შემთხვევები, მაგრამ ის, რასაც თქვენ ჩემს თანამშრომლებს საყვედურობთ, არც ის არის მასიური შემთხვევები. თუმცა, მე მაქვს პრეტენზია ვიყო ობიექტური და განვაცხადო, რომ ეს არის სავალალო მაგალითი იმისა, რომ თუ როგორ ხორციელდება ვითომ მონიტორინგი. ვიყოთ ობიექტურები და ასეთ თანამშრომლებს ნუღარ გამოგვიგზავნით. რომელსაც, სხვათაშორის, დახეული ჯინსი აცვია. ამ ვიდეოში მიჭირს განვასხვავო ვინ არის პატიმარი და ვინ არის სახელმწიფო ინსტუტის წარმომადგენელი. ამ ადამიანს ოპერაში არ შეუშვებენ, არამც თუ ციხეში", — მიმართა წულუკიანმა ომბუდსმენს.