ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ამბობს, რომ მათი შტაბის წევრს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა და მისმა თანმხლებმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

როგორც ენმ-ს შტაბის წევრი, ნიკოლოზ ხიზაძე ამბობს, სოფელ მუსხში ემნ-ს კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრის გადასაღებად მიდიოდა, როდესაც გუბერნატორის, აკაკი მაჭუტაძის მანქანით გზა გადაუკეტეს. ის განმარტავს, რომ მას ფიზიკურად ჯერ ახალციხის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსი, გია ბალიაშვილი გაუსწორდა, შემდეგ კამერა წაართვა, ტერიტორია კი გუბერნატორთან და სხვა პირებთან ერთად დატოვა:

"20-30 კაცი იყო. გადმოგვიყვანეს მანქანიდან. პირადად მე ფიზიკური შეურაცხყოფა დაიწყეს. გუბერნატორმა უშვერი სიტყვებით მოიხსენია მთლიანად ჩვენი შტაბი. წიხლი ამომარტყა პირადად გიორგი ბალიაშვილმა. კადრებზე ასახულია, რომ მთელი დღის განმავლობაში რომ დავდიოდით სოფლებში, დაგვყვებოდა უცნობი მანქანა".

თავის მხრივ აკაკი მაჭუტაძე ბრალდებებს უარყოფს და რუსთავი 2-თან საუბარში აცხადებს, რომ მთელი დღის განმავლობაში სამსახურში იმყოფებოდა:

"მანამდეც სამსახურში ვიყავი და მთელი დღე სამსახურში ვარ".

პარტიის წევრებმა სამართალდამცავ უწყებებს ინფორმაცია უკვე მიაწოდეს. On.ge ცდილობს შსს-სთან დაკავშირებას და ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.