საქართველო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ჩორჩანაში ტყეში ხეების წითელი საღებავით 2016 წელსაც მონიშნეს. უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული მონაკვეთის სრულყოფილი შესწავლა მიმდინარეობს. მათი თქმით, წარსულში ოკუპანტებმა ხეების მონიშვნასთან კავშირი უარყვეს.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით მუდმივ რეჟიმში აწვდის ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ( EUMM) და საერთაშორისო პარტნიორებს", — ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

უწყებაში ამბობენ, რომ ხელისუფლება უკანონო მონიშვნებისა და შესაძლო ბორდერიზაციის ყველა შემთხვევაზე შესაბამისად რეაგირებს. დღეს, 20 იანვარს აქტივისტმა დავით ქაცარავამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოფელ ჩორჩანაში ოკუპანტები ხეებს საღებავით ნიშნავდნენ. მისი თქმით, ამ მონიშვნებს ისინი გაზაფხულზე ბორდერიზაციის პროცესის გასაახლებლად და ე.წ. საზღვრის გასავლებად გამოიყენებენ.