საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფოლკლორის დარბაზი გაიხსნა. ამის შესახებ ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე ფეისბუქგვერდზე წერს:

"ყველაფერი ორი წლის წინ დაიწყო და ფონდ "ქართულ გალობასთან" და მეღვინეობა "შილდასთან" (ნანა გოთუას დიდი ჩართულობით) გაფორმებული მემორანდუმის შედეგად სრულიად უნიკალური შედეგი მივიღეთ. მათი მხარდაჭერით, ორწლიანი უდიდესი შრომის შედეგად სარესტავრაციო სამუშაოების მიმდინარეობისას აღმოჩნდა შენობის თანადროული (1912 წელი) უნიკალური კედლის მხატვრობა, რომელიც აღადგინეს სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულებმა ნანა კუპრაშვილის ხელმძღვანელობით. ჯადოსნური ჭერი, კიბე, ავეჯი — საოცარი, ისტორიული გარემო, რომელიც დიდი საქმეებით დაიტვირთება: ფოლკლორის დარბაზში თავს მოიყრის საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოძიებული ფოლკლორული ჩანაწერები."

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

"აქ განთავსდება ფონოჩანაწერები, დოკუმენტები, ფოტომასალა, ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდის სხვა რეკვიზიტები. ასევე შეგროვდება ახალი მასალები. დარბაზში განთავსდება მუდმივი ექსპოზიცია. დაინტერესებული პირებისთვის კი მათთვის სასურველი დოკუმენტების და ჩანაწერების ციფრული ვერსიებიც იქნება ხელმისაწვდომი.
დარბაზს მუსიკოსი, ფოლკლორსტი დავით შუღლიაშვილი უხელმძღვანელებს."