ყველაფერი, რაც ჩვენ გარშემოა, არ იარსებებდა ატომები ერთმანეთს რომ არ უკავშირდებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ატომების კავშირი მთავარი მოვლენაა, მეცნიერებს მისი კამერაზე აღბეჭდვის შანსი აქამდე არასდროს ჰქონიათ. ამის მიზეზი მიმდინარე პროცესის მასშტაბებია.

მეცნიერების საერთაშორისო გუნდის მუშაობის შედეგად კი შეგვიძლია ამ რთულ ურთიერთქმედებას დავაკვირდეთ. ვიდეო დეტალურად ჟურნალ Science Advances-შია განხილული. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მეცნიერებმა ატომების ერთმანეთთან დაკავშირების პროცესი აღბეჭდეს.

18 წამიან ვიდეოში ჩანს ორი ატომი, რომელიც ერთმანეთის გარშემო მოძრაობს. ისინი ერთმანეთს უახლოვდებიან მანამ, სანამ ორი ნაწილაკი არ შეერთდება და ერთ მთლიანად არ გადაიქცევა. ატომები ნახშირბადის სატესტო მილების ვიწრო კორიდორში ერთად გადაადგილდებიან.

შემდეგ გაერთიანებული ფიგურა დეფორმაციას იწყებს, შედეგად კი ბმა ირღვევა, თუმცა ორ ატომს დაშორება დიდხანს არ შეუძლია.

ატომები ერთმანეთს სტაბილურობისა და ენერგიის შემცირების გამო უკავშირდებიან. განცალკევებით შემდეგ ისინი არასტაბილურები არიან და ბევრ ენერგიას ხარჯავენ, შეერთების შემდეგ კი უნიკალური თვისებების მოლეკულებს ქმნიან.

გუნდმა პროცესის აღბეჭდვა ტრანსმისიული ელექტრონული მიკროსკოპის (TEM) მეშვეობით შეძლო. TEM-ის გამოყენებისას ელექტრონის მაღალენერგიული სხივის მეშვეობით ნიმუშების ვიზუალიზაცია და გამოსახულების შექმნა ხდება.

"ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ბმის ევოლუციის აღბეჭდვა გახდა შესაძლებელი", — განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა ანდრეი ხლობისტოვმა.