ჩინეთის სახელმწიფო პლასტმასით გამოწვეული დაბინძურების შემცირებას ახალი რეგულაციებით გეგმავს. გასულ კვირას განვითარებისა და რეფორმების ეროვნულმა კომისიამ განაცხადა, რომ ერთჯერადი პლასტმასის გამოყენების რიცხვი საკმაოდ მაღალია, აკრძალვების შედეგად კი სიტუაციის გაუმჯობესებას დაახლოებით 2025 წლისთვის ელიან.

ახალი პოლიტიკა მოიცავს ზუსტ განრიგს იმის შესახებ, თუ რომელი პლასტმასი როდის და ქვეყნის რომელ ნაწილში იქნება აკრძალული. დიდი ქალაქებისთვის ცვლილებები მალევე დაიწყება, პატარა დაბებსა და სოფლის მოსახლეობას კი ახალ რეგულაციებთან შესაგუებლად მეტი დრო ექნებათ.

დოკუმენტის მიხედვით, საკვებმა ინდუსტრიებმა დიდ ქალაქებში 2020 წლის ბოლომდე პლასტმასის დანა, კოვზი და ჩანგალი წარმოებიდან უნდა ამოიღონ. ერთჯერადი გამოყენების თხელი პარკები მაღაზიათა ქსელების უმეტესობაში ასევე 2020 წლის ბოლომდე აიკრძალება. თუმცა, სოფლებს პარკების წარმოებიდან ამოსაღებად დრო 2022 წლამდე აქვთ.

2025 წლის დასასრულს, სასტუმროებს პლასტმასის ნივთების წარმოების, ხოლო საფოსტო სისტემას პლასტმასის შემცველი შეფუთვის გამოყენების უფლება აღარ ექნებათ.

ადამიანების მიერ პლასტმასის ხშირი გამოყენება პლანეტას საკმაოდ აზიანებს, სახელმწიფოები და კომპანიები კი პრობლემის მოგვარების გზებს აქტიურად ეძებენ.

ჩინეთი მსოფლიოში არსებული პლასტმასის 29 პროცენტს აწარმოებს. იგი ასევე მოწინავეა პლასტმასის მოხმარებითაც. მსოფლიო ეკონომიკის ფორუმის მიხედვით, მდინარე იანძს ოკეანეში იმაზე მეტი პლასტმასი ჩააქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვა დინებას.

2018 წელს ჩინეთმა სხვა ქვეყნების ნარჩენების გადამუშავებაზე უარი განაცხადა. ახალი პოლიტიკის ფარგლებში ჩინეთის სახელმწიფო დეგრადირებად და გადამუშავებად პლასტმასის პროდუქტებს მხარს დაუჭერს და შესაბამის საყოველთაო გადამუშავების პროგრამებს შექმნის.

კომისიის მიერ გამოცემულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ახალი რეგულაციები პლასტმასის მოხმარების შემცირების შესახებ ადამიანთა ჯანმრთელობისთვისა და "მშვენიერი ჩინეთის შესაქმნელად" აუცილებელი ნაბიჯი იყო.