პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ მთავარი პრობლემა არა კონგრესმენ მალენის წერილი, არამედ მალენის გარდა, სხვა უფრო მაღალი რანგის კონგრესმენების მწვავე განცხადებებია. მისივე თქმით, თუკი ადრე მხოლოდ მალენი აკრიტიკებდა საქართველოს ხელისუფლებას, დღეს ეს მოცემულობა შეცვლილია.

როგორც ჩუგოშვილი ამბობს, საქართველოს აშშ-ს კონგრესში დამძიმებული მდგომარეობა აქვს და ქვეყანას არ აქვს იმის "ფუფუნება", აშშ-ს მაღალი რანგის თანამდებობის პირები და გავლენიანი ადამიანები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით "შეწუხებულები" იყვნენ.

"კონგრესმენ მალენს რაც შეეხება, მისგან მსგავსი განცხადება სიახლე არ არის. ალბათ, ის იყო ერთადერთი წევრი აშშ-ს კონგრესის, რომელიც საკმაოდ მძიმე განცხადებებს სისტემატურად აკეთებდა. მას მხარის ამბმელები არ ჰყავდა. ჩვენ, სამწუხაროდ, შეგვეცვალა ეს მოცემულობა. მწვავე განცხადებებს აკეთებენ ჩვენთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და დიდი გავლენის მქონე კონგრესმენები. როგორებიც არიან: საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეები და საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები. მათი განცხადებები ბევრად უფრო სერიოზულად აღსაქმელი და მნიშვნელოვანია", — განაცხადა ჩუგოშვილმა TV პირველის ეთერში.

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის წევრი, რესპუბლიკელი მარკვეინ მალინი საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას წერილს უგზავნის, რომელშიც დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო თავის შეშფოთებას გამოხატავს.

13 იანვრით დათარიღებულ წერილში, მალინი ამბობს, რომ უერთდება მისი კოლეგების, ადამ კინზინგერისა და გერი კონოლის წერილს, რომელშიც დაპირებული რეფორმის შეუსრულებლობაზეა საუბარი.