პარასკევს აშშ-ს ავტომაგისტრალების უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციამ (NHTSA) განაცხადა, რომ ისინი ტესლას მანქანების შესახებ გავრცელებულ საჩივრებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას განიხილავენ. საუბარია 500 000 მანქანზე, რომლებიც "მოულოდნელად, უეცრად იწყებენ მოძრაობას." ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, პეტიცია Tesla Model S-ს (2012-2019), Model X-ს (2016-2019) და Model 3-ს (2018-2019) შეეხება. ის შეიცავს 127 მომხმარებლისა და 52 დაშავებულის საჩივარს, ასევე 110 ავარიას. ტესლას აღნიშნულ თემაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

"როგორც მიღებულა, NHTSA ზედმიწევნით შეისწავლის მომხდარს და განიხილავს ხელთ არსებულ ინფორმაციას", — განაცხადა ტესლას სპიკერმა სააგენტოსთან საუბრისას.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ტესლას მანქანების მწყობრიდან გამოსვლის გამო ადანაშაულებენ. 2018 წლის ნოემბერში ტესლა იგივე პრობლემის წინაშე იდგა, თუმცა მაშინ კომპანიამ პრობლემის აღმოფხვრა მალევე შეძლო და სასამრთლო დავებიც მოიგო. აღსანიშნია ის ფაქტი, რომ 2018 წელს Tesla Model S-ისა და X-ის მფლობელები ზუსტად ამ პრობლემაზე საუბრობდნენ. გასულ წელს, ტესლას წინააღმდეგ საჩივარი დისნეის ვარსკვლავმა მენა მესოუდმაც შეიტანა, რომელშიც ის ამტკიცებდა, რომ მისი მანქანის დაკიდების სისტემას წუნი ჰქონდა, რის გამოც, მის Model 3-ს ბორბალი შეძენიდან პირველივე დღეს მოძვრა. სულ ახლახან კი, NHTSA-მ კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო, მანქანებში (Model S და Model X) გაჩენილი ხანძრების შესახებ, რომლებიც ელემენტების ხარვეზებთან დაკავშირდა.

ტესლას მიმართ რამდენიმე საჩივარი ავტოპილოტის გაუმართაობის გამოც შევიდა. გუშინ, ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნულმა კომიტეტმა 2017 წელს მაუნთინ-ვიუში მომხდარი ინციდენტის შესახებ, რომელსაც ფატალური შედეგი მოჰყვა, განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ამ ფაქტის შესახებ ღია მოსმენა ჩატარდება, რათა გაირკვეს მისი გამომწვევი სავარაუდო მიზეზები.

ავტოპილოტის გამოყენების დროს ავარიების არაერთი ჩანაწერი არსებობს, რამდენიმე ასეთი შემთხვევა ფატალურადაც დასრულდა. თუმცა ტესლა დაჟინებით აცხადებს, რომ ის მძღოლები, რომლებიც ავტოპილოტს იყენებენ, უფრო დაცულები არიან, ვიდრე ისინი, ვინც ამ სისტემას არ იყენებს.