ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ "არაპროპორციული" და "დაუსაბუთებელი" ძალის გამოყენებაზე მიუთითებს. ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ 20-21 ივნისს დაკავებულების მიმართ, სასამართლომ მტკიცებულებების გარეშე, სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით, პატიმრობა და სოლიდური ოდენობის ჯარიმები გამოიყენა.მათივე განცხადებით, იგივე პრაქტიკა გაგრძელდა შემდგომი აქციების დროს დაკავებული პირების მიმართ:

"პროცესების დაკვირვებამ აჩვენა, რომ დაკავებულებს პოლიცია არ განუმარტავს იმ მინიმალური უფლებებსაც კი, რომელსაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ითვალისწინებს. გარდა ამისა, სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ვერ წარადგენენ მტკიცებულებებს, რომელიც დაასაბუთებდა დაკავების კანონიერებას. ძირითადად, გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ პოლიციელის ჩვენების საფუძველზე ხდება. იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მტკიცებულებებად ვიდეო მასალები წარადგინეს, ძირითადად, მათზე დაკავებულების მხრიდან სამართალდარღვევის ფაქტი არ იყო აღბეჭდილი".

ორგანიზაციის შეფასებით, იმ პირობებში, როცა სამართალდარღვევის ფაქტი კონკრეტული მტკიცებულებებით ვერ დასტურდება, სანქციების განსაზღვრა, შესაძლოა მიუთითებდეს ხელისუფლების სურვილზე, დასუსტდეს საპროტესტო მოძრაობა.