პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ ამერიკელი კონგრესმენ მარკვეინ მალინის კრიტიკული წერილი მიკერძოებულია და კონკრეტული კომპანიის, ფრონტერას ინტერესებს ემსახურება.

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მალინმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასადმი მიწერილ წერილში დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო თავის შეშფოთებას გამოხატავს.

როგორც კონგრესმენი წერს, საქართველომ დემოკრატიისა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ინდიკატორების მიმართ ნეგატიური ტენდენციები გამოავლინა, რამაც უცხოური ინვესტიციები შეამცირა. მას მაგალითად მოჰყავს ნავთობისა და გაზის კომპანია Frontera Resources-ის მაგალითი და ფეისბუქის მიერ პროსახელისუფლებო გვერდების წაშლა.

მალინის საპასუხოდ გია ვოლსკი აცხადებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ასეთ მაღალ დონეზე ჯერ არ ყოფილა. რაც შეეხება ფროსტერას ვიცე-სპიკერი აღნიშნავს, რომ დავა საარბიტრაჟო სასამართლოში მიმდინარეობს და ეს კომერციული დავაა.

"მე ვფიქრობ, რომ განცხადება მიკერძოებულია და კონკრეტული კომპანიის ინტერესს უკავშირდება... მე მგონია, რომ იმდენად უსაფუძვლოა და იმდენად საქართველოს რეალობის საწინააღმდეგოდაა მიმართული, რომ დარწმუნებული ვარ, რომ კონკრეტული ცნობილი პოლიტიკური პარტიები, ასე თუ ისე ობიექტურ დაიჭერს და რეალურს სურათს ეტყვის", — განაცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან.

რაც შეეხება მალინის რეზოლუციას, რომელიც საქართველოში სამართლიანი ბიზნესპარტნიორობის სანქციებს ეხება, ვოლსკი ამბობს, რომ კონგრესმენს მსგავსი ინიციატივა 2017 წელსაც ჰქონდა, თუმცა დოკუმენტი არ განხილულა.

Frontera Resources ამერიკაში დაფუძნებული კომპანიაა, რომლის მიზანიც ნავთობისა და გაზის მოპოვებაა. კომპანია ფრონტერა ისტერნ ჯორჯიამ საქართველოში მუშაობა 1997 წლიდან დაიწყო და ამ ხნის განმავლობაში მათ არაერთხელ გამოუცხადებიათ, რომ გაზის დიდი მარაგს მიაგნეს, თუმცა ამის დადასტურება ჯერ არ ყოფილა.

ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას 50-პრონეცტიანი წილის მფლობელი სახელმწიფო, კერძოდ კი ნათობისა და გაზის კორპორაციაა. სახელმწიფო და ფრონტერა ერთმანეთს საარბიტრაჟო სასამართლოში ედავება.