პარლამენტში ევროპული საქართველოს დეპუტატი, სერგი კაპანაძე ამბობს, რომ ამერიკელი კონგრესმენის მარკვეინ მალინის კრიტიკული წერილი ხელისუფლებისთვის "გამოსაფხიზლებელი ზარი" უნდა იყოს. ამის შესახებ დეპუტატმა მთავარ არხთან განაცხადა.

"კონგრესმენ მალინის ღია წერილი გიორგი გახარიას მიმართ არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში არიან შეშფოთებული იმ პროცესებით, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში", — აცხადებს კაპანაძე.

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის წევრი, რესპუბლიკელი მარკვეინ მალინი საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას წერილს უგზავნის, რომელშიც დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო თავის შეშფოთებას გამოხატავს.

როგორც კონგრესმენი წერს, დამოუკიდებლობის შემდეგ მიღწეული პროგრესის მიუხედევად, საქართველომ დემოკრატიისა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ინდიკატორების მიმართ ნეგატიური ტენდენციები გამოავლინა, რომელიც აშშ-ში შეუმჩნეველი არ დარჩენილა.

"ამის შედეგია, რომ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა, რადგან ამერიკული და ევროპული ბიზნესინტერესები ექსპოპროაციასა და შევიწროებას დაექვემდებარა", — წერს კონგრესმენი მალინი.

მას მაგალითად მოჰყავს ნავთობისა და გაზის კომპანია Frontera Resources-ის მაგალითი და ფეისბუქის მიერ პროსახელისუფლებო გვერდების წაშლა. მარკვეინ მალინი აღნიშნავს, რომ 2019 და 2020 წლების საბიუჯეტო კანონში, რომელიც კონგრესის ორივე პალატამ მიიღო და შემდეგ პრეზიდენტმა ხელი მოაწერა, ასახული იყო წუხილი საქართველოს მთავრობის მტრულ ქმედებებზე დემოკრატიული ღირებულებების, თავისუფალი საბაზრო პრინციპებისა და ამერიკული ბიზნესინტერესების მიმართ.

"პირველად საქართველოს თანამედროვე ისტორიის განმავლობაში, თქვენი ქვეყანა აშშ-ის საბიუჯეტო კანონებზე მსჯელობისას უარყოფით შუქზე და სიფრთხილით განიხილებოდა", — ამბობს კონგრესმენი.

გარდა ამისა, მალინი ამბობს, რომ უარყოფითი ტრენდის გამო სანქციებისა და სხვა სადამსჯელო ზომების შემოღების შესახებ მოწოდებები გაიზარდა. ის უერთდება რეფორმების შესახებ მოწოდებებს და აღნიშნავს, რომ წლის დასაწყისში წარმომადგენლობით პალატაში წარადგინა აქტი, რომელიც საქართველოს სამართლიანი ბიზნესპრაქტიკის სანქციებს ეხება.

"თუმცა მე ვიმედოვნებ, რომ საქართველო კიდევ მრავალი წლის განმავლობაში გააგრძელებს იყოს ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი. ასევე, იმედს გამოვთქვამ, რომ თქვენი მთავრობა შეწყვეტს აგრესიულ ქმედებებს ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ და იმოქმედებთ სწრაფად იმ შეშფოთებაზე, რომელიც დემოკრატიისა და ეკონომიკური კეთილდღეობის საფრთხეს ეხება", — ნათქვამია რესპუბლიკელი კონგრესმენის წერილში.