შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული პირი დააკავეს. მკვლელობა დღეს, 18 იანვარს დილით მოხდა.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ყოფილ ცოლს, 1991 წელს დაბადებულ ქალს ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ს განცხადებით, სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად, დანაშაულის ჩადენის იარაღი — ცული ნივთმტკიცებად ამოიღეს.

უწყების მტკიცებით, მომხდარ შემთხვევამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ცოლ-ქმარს შორის შესაძლო კონფლიქტის შესახებ განცხადება ან შეტყობინება არ ფიქსირდება. მათი თქმით, მათ შორის შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.