უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრემიერის, ალექსეი გონჩარუკის გადადგომის განცხადება არ დააკმაყოფილა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზელენსკიმ გონჩარუკს და მის მთავრობას შანსი მისცა, რომ მოაგვარონ კონკრეტული საკითხები, რომლებიც უკრაინის მოქალაქეებს აწუხებთ.

გარდა ამისა, ზელენსკიმ გონჩარუკს დაავალა, შეიმუშავოს ახალი სახელფასო სქემა მინისტრებისთვის, რომელიც უკრაინის ეკონომიკას და მინისტრის ანაზღაურებას შეესაბამება. მანვე აღნიშნა, რომ მინისტრებმა, რომლებიც ამ ხელფასს არ დათანხმდებიან თანამდებობა უნდა დატოვონ. მისივე თქმით, ხელისუფლების გასაძლიერებლად საჭიროა საკადრო ცვლილებები.

უკრაინის პრემიერმა ოლექსი გონჩარუკმა გადადგომაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც სოციალურ ქსელებში გავრცელდა მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის ჩანაწერი. აუდიოჩანაწერში ხმა, რომელიც სავარაუდოდ, გონჩარუკს ეკუთვნის ამბობს, რომ ის ეკონომიკაში სრული ნულია.

ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში გონჩარუკი წერს, რომ ის დიდ პატივს სცემს უკრაინის პრეზიდენტს და არ უნდა ხალხმა ეჭვი შეიტანოს მის პროგრამაში.

"მე თანამდებობაზე მოვედი, რომ პრეზიდენტის პროგრამა შემესრულებინა. ის ჩემთვის მისაბაძი მაგალითია წესიერებასა და ღიაობაში. იმისთვის, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ეჭვი პრეზიდენტისადმი ჩემს პატივისცემასა და ნდობაზე, მე წასვლის შესახებ განცხადება დავწერე", — ამბობს ის.

გონჩარუკმა აუდიოჩანაწერის ავთენტურობა ნაწილობრივ დაადასტურა. მისი თქმით, ჩანაწერიდან ამოჭრილია ნაწილები, რომლებიც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მინისტრები პატივს არ სცემენ პრეზიდენტს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.