ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ელჩმა, კელი დეგნანმა ფიცის დადებისას საქართველოსთან ურთიერთობის მნიშვნელობაზე, ოკუპაციასა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, დიპლომატიური კარიერა იმიტომ აირჩია, რომ სურდა ამერიკას უკეთესი მსოფლიოს შენებაში დახმარებოდა. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოსა და ამერიკას ამ მხრივ საერთო ინტერესები აქვთ.

"ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩად შემარჩიეს. ეს არის ქვეყანა, რომელიც იზიარებს ამერიკის სიყვარულს თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი. ამერიკის მსგავსად, საქართველომაც იბრძოლა დამოუკიდებლობის მისაღწევად – ეს რთულად მოპოვებული დამოუკიდებლობა რუსეთის გამო საფრთხის ქვეშ რჩება...

ამერიკელთა მსგავსად, ქართველებს სურთ ბიზნეს საქმიანობის გაფართოება, სამართლიან არჩევნებში ხმის მიცემა, პასუხისმგებლიანი მედიის მოსმენა, აღმსარებლობის თავისუფლება და შვილების ისეთ ქვეყანაში გაზრდა, სადაც კანონი უზენაესია. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ბევრ მსგავსებას ვნახავ ქართველებსა და ამერიკელებს შორის რაც უფრო დიდხანს ვიცხოვრებ იქ", — განაცხადა მან.

დეგნანმა აღნიშნა, რომ საქართველოს მომავალზე "იმედიანად საუბრისას" აუციელებელია იმის გათვალისწინება, თუ საიდან დაიწყო ქვეყანამ.

"და რამდენს მიაღწია ამ ქვეყანამ ომის, ოკუპაციის, ეკონომიკური ემბარგოებისა და მტრული, აგრესიული მეზობლის მიუხედავად. ქართველებმა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა აქციეს ფუნქციურ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ, ეს პატარა საქმე არ არის".

ელჩმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ აშშ-სთვის პატივია "ქართველი მეგობრების" გვერდით დგომა.

"თითქმის ოცდაათწლიანი თანამშრომლობის განმავლობაში ჩვენ მოწმენი გავხდით შესანიშნავი ტრანსფორმაციისა, რაც ქართველების სიმამაცისა და საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის სიყვარულის შედეგია. საქართველოს ბევრი საამაყო აქვს".

ელჩმა აღნიშნა, რომ მოწადინებულია გაგრძელდეს ამერიკის მტკიცე თანამშრომლობა საქართველოსთან, მათ შორის დემოკრატიის განვითარების, ვაჭრობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების კუთხით. მისივე თქმით, აუცილებლად ითანამშრომლებს საქართველოს მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესის მხარდასაჭერად.

"ჩვენ ვრცელი სამუშაო გეგმა გვაქვს საქართველოსთან და ბევრს ველით ჩვენი ქართველი მეგობრებისგან. ქართველებმა გვაჩვენეს, რომ აქვთ შეუპოვრობა და მხნეობა იმ დემოკრატიული პროცესების დასაცავად და საჭირო რეფორმების გასატარებლად, რომლის დამკვიდრებისთვისაც ამდენი იშრომეს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ტრანსატლანტიკური ინტეგრაციისათვის", — განაცხადა მან.

დეგნანმა ფიცი დღეს, 17 იანვარს დადო. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის ჩამოვა დეგნანი საქართველოში.

ელჩ იან კელის უფლებამოსილების ვადა 2018 წლის მარტში ამოეწურა, მას შემდეგ, უკვე წელიწადზე მეტია აშშ-ს საქართველოში ელჩი არ ჰყავდა და მოვალეობას ელიზაბეთ რუდი ასრულებდა. დეგნანის კანდიდატურა ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრეს 2019 წლის სექტემბერში წარუდგინა. დეკემბერში კი სენატმა ის ელჩად დანიშნა.

კელი დეგნანი ევროპასა და აფრიკაში აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკური მრჩეველი იყო. მანამდე ის კოსოვოსა და იტალიაში აშშ-ს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა. ასევე, ნატოში აშშ-ს წარმომადგელობაში იყო პოლიტიკური მრჩეველი და თურქეთში აშშ-ს საელჩოში პოლიტიკური მრჩეველის მოადგილე.

გაიგეთ მეტი: