დაახლოებით ერთ თვეში, 23 თებერვალს ორწლიანი შუალედის შემდეგ AMC-ის გახმაურებული სერიალის, Better Call Saul-ის მეხუთე სეზონის პრემიერა შედგება. სულ ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ მაყურებლებს მალე საყვარელ შოუსთან გამომშვიდობება მოუწევთ.

კომპანია AMC-მ ახლახანს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2021 წელს ამ სატელევიზიო შოუს მეექვსე სეზონი გამოვა, რომლითაც სერიალი საბოლოოდ დასრულდება. გადაღებები რამდენიმე კვირაში დაიწყება და ფინალური სეზონისთვის 13 ეპიზოდს გადაიღებენ.

Better Call Saul კრიმინალური დრამაა, რომელიც ერთი-ერთი ყველაზე ცნობილი სერიალის, Breaking Bad-ის სპინოფია და სიუჟეტი ადრეულ 2000-იანებში ვითარდება. აღსანიშნავია, რომ ორივე სატელევიზიო შოუს ერთი და იგივე შემოქმედები ჰყავს: ვინს გილიგანი და პიტერ გულდი.

"სერიალზე მუშაობის პირველი დღიდან ჩემი ოცნება იყო, რომ ჩვენი მრავალმხრივი პერსონაჟის, ჯიმ მაკგილის ისტორია სრულად მომეთხრო და მიხარია, რომ ამის შესაძლებლობა მეძლევა — ფინალური სეზონის გადაღებებს შემდეგ თვეში დავიწყებთ", — განაცხადა შოუს შემქმნელმა, პიტერ გულდმა.

ფოტო: AMC

საჯარო შეხვედრისას Better Call Saul-ის თანაავტორს, ვინს გილიგანს ჰკითხეს, არსებობდა თუ არა იმის ალბათობა, რომ Breaking Bad-ის სიუჟეტური ხაზი კიდევ სხვა ახალი ფორმებით გაგრძელებულიყო, განსაკუთრებით მას შემდეგ, თუ გავითვალისწინებთ, როგორი პოპულარი გახდა გასულ წელს გამოსული ფილმი El Camino.

"სავარაუდოდ, არა", — ასე უპასუხა ამ კითხვაზე გილიგანმა, რაც მიუხედავად უარყოფითი პასუხისა, ბოლომდე სკეპტიკური არ არის და მცირეს, თუმცა მაინც ტოვებს სამომავლო სიურპრიზების ალბათობას.

ახლა კი ისღა დაგვრჩენია, 23 თებერვალს Better Call Saul-ის მეხუთე სეზონის პრემიერას დაველოდოთ, რომელშიც Breaking Bad-ის პერსონაჟებსაც — ჰენკ შრეიდერსა და სტივ გომესს ვიხილავთ. მოლოდინის მიუხედავად, არც მეხუთე სეზონში გამოჩნდებიან უოლტერ ვაითი და ჯესი პინკმენი.

თუმცა ვინ იცის, ფინალური სეზონისთვის რა სიურპრიზებს გვიმზადებენ.