საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე NDI-ის ბოლო კვლევაში პარლამენტის უარყოფითი შეფასების ყველაზე მაღალი მაჩვენებელზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს.

"პარლამენტზე რომ გიპასუხოთ, როცა ოპოზიციის ერთი ნაწილი ძალადობრივ შეტევას ახორციელებს პარლამენტზე, მეორე ნაწილი არ მონაწილეობს სხდომებში და საკანონმდებლო პროცესს ემიჯნება, მესამე ნაწილი სხდომის ჩასაშლელად ქიმიურ ნივთიერებებს ასხამს დარბაზში, აქ არ უნდა გვიკვირდეს, რომ ასეთი საპარლამენტო პროცესის მიმართ საზოგადოებას კრიტიკული დამოკიდებულება აქვს", — თქვა არჩილ თალაკვაძემ

პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მათთვის საუკეთესო კვლევა არჩევნებია და სამწუხაროა, რომ კვლევის შედეგები ხშირად საზოგადოების რეალურ განწყობას არ ემთხვევა.

NDI-ის ბოლო კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 40% პარლამენტის საქმიანობას ცუდად აფასებს, 17% კი ძალიან ცუდად. 2012 წლიდან დღემდე ეს პარლამენტის უარყოფითი შეფასების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.