პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ირაკლი შოთაძეს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დასაბრუნებლად, სავარაუდოდ, უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება. თალაკვაძის თქმით, უმრავლესობა არ აპირებს არასამთავრობო სექტორის შეთავაზებას, რომ ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირონ.

ასევე, თალაკვაძის განმარტებით, შოთაძის გენერალური პროკურორობის დროს არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გამოიძიეს დროულად და ეფექტურად. მათ შორის, მისივე თქმით, "დადასტურდა" რომ ხორავას საქმის გამოძიებაც "კანონის სრული დაცვით" მიმდინარეობდა.

"მაშინაც, როდესაც დაზარალებულს ჰქონდა კითხვები მის მიმართ, მან ასევე ღირსეულად დატოვა თანამდებობა, რადგან თანამდებობები და სტატუსები არ არის მთავარი. დადასტურდა, რომ როდესაც ის იყო თამდებობაზე ამ საქმის გამოძიება მიმდინარეობდა კანონის დაცვით. დღეს პროკურატურამ ამ საქმის გამოძიებით დადასტურდა, რომ აქ მთავარი პროკურორის მხრიდან სუბიექტური ინტერესები არ ყოფილა", — განაცხადა თალაკვაძემ.

საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ამ დროისთვის საპროკურორო საბჭოსთვის 14 კანდიდატია წარდგენილი. თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მოქმედი მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაინიშნა.

შოთაძემ თანამდებობა 2018 წელს, მას შემდეგ დატოვა, რაც თბილისის საქალაქო სასამრთლოს გადაწყეტილებით ხორავას ქუჩის საქმეზე არასრულწლოვანი დავით სარალიძის მკვლელი ვერ გამოვლინდა და საპროტესტო აქცია დაიწყო. შოთაძის გადადგომას მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები ითხოვდნენ.

პროტესტის დაწყებიდან რამდენიმე საათში გავრცელდა ხმები მისი გადადგომის შესახებ, თუმცა პროკურატურამ ეს უარყო. რამდენიმე წუთში კი ამბავი დადასტურდა და შოთაძემ წერილობით ამცნო საზოგადოებას გადადგომის შესახებ. მის გადადგომაზე გული დაწყდა და არასწორ ნაბიჯად მიიჩნია იუსტიციის მინისტრმა.

პროკურატურიდან წასვლის შემდეგ შოთაძე ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის მიწვეულ ასოცირებულ პროფესორად მუშაობდა. გარდა ამისა, ის სილქნეტის იურიდიული კონსულტანტი იყო.