2019 წელს HBO-მ არა მარტო საკუთარ პროდუქტებს შორის, არამედ მთლიანად სატელევიზიო შოუების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, სანახაობრივი და მასშტაბური სერიალი — Watchmen გადაიღო, რომლის გაგრძელებასაც მაყურებლები მოუთმენლად ელოდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, ამაოდ.

USA TODAY-სთან მიცემულ ინტერვიუში სერიალის შემქმნელმა, პროდიუსერმა და სცენარისტმა, დეიმონ ლინდელოფმა განაცხადა, რომ მას არ სურს სერიალის გაგრძელება და HBO-ს აძლევს "თავის კურთხევას", რომ შოუს შემდეგი სეზონი მის გარეშე გადაიღონ.

მას შემდეგ, რაც Watchmen-ის პირველ სეზონში ლინდელოფმა 1987 წელს გამოსული ამავე სახელწოდების მქონე საკულტო კომიქსის სრულიად ახლებური ეკრანიზაცია შემოგვთავაზა, რამაც კომიქსში აღწერილი სამყაროს კიდევ უფრო მეტი პოლიტიკური თუ ფილოსოფიური განზომილება გვაჩვენა, არცერთ მაყურებელს არ მოეწონებოდა შოუს მის გარეშე გაგრძელება.

როგორც აღმოჩნდა, იმავეს ფიქრობს HBO-ს ხელმძღვანელი, კეისი ბლოისიც:

"თუ მას შემდეგი სეზონის იდეა მოუვა, ან რაღაც სრულიად განსხვავებულის გაკეთება ენდომება, ჩვენ თანახმა ვიქნებით. ძალიან ვამაყობთ Watchmen-ით, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, თუ რას სურს თავად ლინდელოფს", — განაცხადა მან.

ფოტო: HBO

Lost-სა და The Leftovers-ს სცენარისტი კი, როგორც ჩანს, თავისი ამჟამინდელი შემოქმედებით კმაყოფილია და გაგრძელების საჭიროებას ვერ ხედავს, მიუხედავად იმისა, რომ დეკემბერში ამის შესაძლებლობას არ გამორიცხავდა:

"Watchmen-ს ისეთ შოუდ წარმოვიდგენდი, როგორიცაა Fargo ან True Detective. ანთოლოგია შესაფერისი გამოსავალი იქნება, რომელიც სხვადასხვა პერსონაჟების ან სულაც განსხვავებულ დროში განვითარებული მოვლენების შესახებ მოგვითხრობს".

სერიალის საოცარი წარმატებისა და კრიტიკოსების ერთხმად დადებითი შეფასებების შემდეგ, ყველა ელოდა, რომ HBO აუცილებლად გააგრძელებდა სერიალს, თუმცა დასაფასებელია, რომ ისინი შოუს მთავარი შემოქმედის აზრს ითვალისწინებენ.

ამის მიუხედავად, ვინ იცის, იქნებ დროთა განმავლობაში დეიმონ ლინდელოფს ისევ ეწვიოს კიდევ ერთი შთამბეჭდავი იდეა და კვლავ შემოგვთავაზოს დაუვიწყარი სანახაობა.