საქართველოს პარლამენტის ქართული ოცნების დეპუტატები მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს სეხვდნენ. შეხვედრაზე პატრიარქმა სთხოვა მათ, რომ მათ შორის "არ იყოს დაყოფა" და ახალგაზრდებს მაგალითი მისცენ.

საპატრიარქოში მმართველი პარტიის წევრები ოჯახის წევრებთან ერთად იყვნენ მისულები.

"ჩვენ მოვედით, რათა მოგილოცოთ დაბადების დღე, 42 წელი აღსაყდრების, შობა-ახალი წელი, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ დიდი სიყვარული და პატივისცემა ჩვენ ყველამ ერთად. ვფიქრობთ, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის სიყვარული მოგიტანეთ დღეს", — განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ.

როგორც პარლამენტის პრესსამსახური ინფორმაციას ავრცელებს, პატრიარქმა პარლამენტარები დალოცა და ქვეყნისა და ხალხის სამსახურში წარმატებები უსურვა.

"მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით. მინდა გთხოვოთ, რომ ეცადოთ, არ იყოს დაყოფა თქვენს შორის, თქვენ უნდა მისცეთ მაგალითი ჩვენს ახალგაზრდობას. ღმერთი მოწყალეა და ღმერთი გაგვიხსნის გზას და ჩვენ გავალთ სამშვიდობოს", — განაცხადა ილია მეორემ.

ფოტო: საქართველოს პარლამენტი

ფოტო: საქართველოს პარლამენტი