არასამთავრობო ორგანიზაციები ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი და საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო მოუწოდებენ საპროკურორო საბჭოს, რომ გადამდგარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირონ. ამის მიზეზად NGO-ები იმას ასახელებენ, რომ შოთაძემ საზოგადოების ნდობა დაკარგა და მის საქმიანობაზე დღემდე არსებობს პასუხგაუცემელი კითხვები.

"ირაკლი შოთაძის კონკურსში მონაწილეობა აჩენს ეჭვს, რომ მისი კანდიდატურის პარლამენტში წარდგენა და გენერალურ პროკურორად არჩევა წინასწარ არის გადაწყვეტილი და შერჩევის პროცესი ფიქტიურ ხასიათს ატარებს", — აცხადებენ საერთაშორისო გამჭვირვალობაში.

EMC-ში მიიჩნევენ, რომ პროკურორობის თანამდებობაზე შოთაძის კანდიდატურის განხილვა ქმნის სისტემის პოლიტიზირების კიდევ უფრო გაძლიერების რისკს. მათი თქმით, გასათვალისწინებელია წინასაარჩევნო პოლიტიკური კონტექსტიც და ოპონენტებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების საქმეები, რომელიც პროკურატურის პოლიტიზირების შესახებ ყველაზე მაღალ ეჭვებს აჩენს.

"[შოთაძის არჩევა] ანულებს პოლიტიკური პასუხისმგებლობის მნიშვნელობას და შინაარსს, რაც შეუძლებელს უნდა ხდიდეს სისტემურ ჩავარდნაზე პასუხისმგებელი ფიგურების იმავე პოზიციაზე დაბრუნებას", — აცხადებენ ორგანიზაციაში.

გარდა ამისა, EMC მოუწოდებს საბჭოს, რომ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს სრული ინფორმაცია გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა შესახებ. ასევე, დაასაბუთოს და გაასაჯაროოს თითოეული წარდგენილი კანდიდატის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.

ხორავას ქუჩის საქმის გამო გენერალური პროკურორობიდან გადამდგარი ირაკლი შოთაძე შესაძლოა, ისევ პროკურორი გახდეს. მისი კანდიდატურა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მისივე თანხმობით წარადგინა.

უწყების ინფორმაციით, დღეისთვის საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოსთვის 9 კანდიდატია წარდგენილი. თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მოქმედი მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაინიშნა.

შოთაძემ თანამდებობა 2018 წელს, მას შემდეგ დატოვა, რაც თბილისის საქალაქო სასამრთლოს გადაწყეტილებით ხორავას ქუჩის საქმეზე არასრულწლოვანი დავით სარალიძის მკვლელი ვერ გამოვლინდა და საპროტესტო აქცია დაიწყო. შოთაძის გადადგომას მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები ითხოვდნენ.

პროტესტის დაწყებიდან რამდენიმე საათში გავრცელდა ხმები მისი გადადგომის შესახებ, თუმცა პროკურატურამ ეს უარყო. რამდენიმე წუთში კი ამბავი დადასტურდა და შოთაძემ წერილობით ამცნო საზოგადოებას გადადგომის შესახებ. მის გადადგომაზე გული დაწყდა და არასწორ ნაბიჯად მიიჩნია იუსტიციის მინისტრმა.

პროკურატურიდან წასვლის შემდეგ შოთაძე ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის მიწვეულ ასოცირებულ პროფესორად მუშაობდა. გარდა ამისა, ის სილქნეტის იურიდიული კონსულტანტი იყო.