Microsoft-მა დღეს ბრაუზერ Edge-ის ახალი ვერსია ოფიციალურად გამოუშვა, რომელიც Chromium-ზეა დაფუძნებული. ახალი ინტერნეტ-ბრაუზერი თითქმის ყველა პლატფორმისათვის გაეშვა, ანუ ის ხელმისწავდომია როგორც ვინდოუსისთვის, ასევე MacOS-ისთვისაც.

ბრაუზერის სტაბილური ვერსიის გადმოწერა მაიკროსოფტის საიტიდან შეგიძლიათ.

თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ რაც Microsoft-მა ქრომიუმზე გადასვლა დააანონსა, საბოლოოდ კი პროდუქტის გაშვება მხოლოდ დღეს გახდა შესაძლებელი.

Chromium გუგლის ღია პროექტია. სწორედ ისაა მთავარი ბირთვი, რაზეც ყველაზე პოპულარული ბრაუზერი Google Chrome-ია დაფუძნებული.

მომავალ თვეებში მაიკროსოფტი გეგმავს, რომ განახლებების საშუალებით Windows 10-ის მომხმარებლებს ახალი Edge ეტაპობრივად მიაწოდოს, რომელიც ჩაშენებულ ბრაუზერს მთლიანად შეცვალოს.

ვინაიდან და რადგანაც Edge უკვე Chromium-ზეა დაფუძნებული თქვენ შეგიძლიათ გუგლის გაფართოებებიც (Extensions) დააყენოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად სრულად შეგიძლიათ მიიღოთ იგივე ფუნქციები, რაც Google Chrome-ს აქვს.

ძირითადი აქცენტი Microsoft-მა უსაფრთხოებაზე გააკეთა და, როგორც ჩანს, სხვა მოთამაშეებს კონკურენციას ის სწორედ ამ მხრივ გაუწევს. იმისათვის, რომ თავიდან აირიდოთ "თვალთვალი" და საიტებმა თქვენი პირადი ინფორმაცია ვერ გამოიყენონ, თქვენ შეგიძლიათ უსაფრთხოების სამი სხვადასხვა რეჟიმი ამოირჩიოთ. ყველაზე მკაცრის არჩევის შემთხვევაში Edge თითქმის ყველა ტრეკერს დაბლოკავს, თუმცა ამ რეჟიმში მუშაობამ შეიძლება ხელი შეგიშალოთ, რადგან, შესაძლოა, საიტები სრულად არ ჩაიტვირთოს.

უსაფრთხოების სამი სხვადასხვა რეჟიმის ასარჩევი პანელი: საწყისი, საშუალო და მკაცრი.

უსაფრთხოების სამი სხვადასხვა რეჟიმის ასარჩევი პანელი: საწყისი, საშუალო და მკაცრი.

დიზაინის მხრივ ახალი Edge საკმაოდ ლამაზად გამოიყურება. თქვენ გეძლევათ საშუალება მოირგოთ ის საკუთარ თავზე და ამისათვის რამდენიმე სახის საწყისი გვერდის არჩევა შეგიძლიათ. თუ სამუშაო გაქვთ აირჩევთ ფოკუსირებულს, თუ უბრალოდ ლამაზი ბრაუზერი გსურთ, მაშინ შთამაგონებელს, ხოლო თუ თქვენ მსოფლიოს ამბები გაინტერესებთ და გინდათ, რომ ამინდიც არ გამოგრჩეთ, მაშინ უბრალოდ ინფორმაციულ რეჟიმს დააყენებდა ყველაფერი თქვენს წინ იქნება გაშლილი.

1. ფოკუსირებული

2. შთამაგონებელი

3. ინფორმაციული

Chrome-თან შედარებით Edge-ს უპირატესობებიც აქვს, მაგალითად მას შეუძლია Netflix 4K გაფართოებით გაუშვას, Dolby Atmos-თან და Dolby Vision-თან ერთად.

საბოლოოდ არჩევანი მაინც თქვენზეა და ბრაუზერის არჩევა ნდობის ფაქტორია, ვის ენდობით თქვენ, Google-ს თუ მაიქროსოფტს და რომელი ბრაუზერი გაგრძნობინებთ თავს უფრო დაცულად და კომფორტულად.