SpaceX და ნასა Crew Dragon-ის საბოლოო გამოცდისთვის ემზადება, რომლის შემდეგაც, თუ ყველაფერი რიგზე იქნება, ნასას კომერციული პილოტირებული ფრენების პროგრამის ფარგლებში SpaceX-ის ხომალდით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტები გაემგზავრებიან.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ნასას კოსმოსური შატლის პროგრამა 2011 წლის 8 ივლისს დასრულდა, ამერიკამ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ადამიანების გაყვანის შესაძლებლობა დაკარგა. მას შემდეგ ნასა კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების გასაყვანად რუსეთზეა დამოკიდებული.

აქამდე Space X-ის საეკიპაჟო ხომალდმა (Crew Dragon) და რაკეტა Falcon 9-მ მოახლოებული გაშვებისთვის არაერთი სტატიკური ტესტი გაიარა. 18 იანვარს კი საბოლოო გამოცდაა დანიშნული, სადაც ნასას და Space X-ის მეცნიერები შეამოწმებენ რამდენად კარგად მუშაობს Crew Dragon-ის საევაკუაციო სისტემა.

ეს გამოცდა კრიტიკული მნიშვნელობისაა, მეცნიერები უნდა დარწმუნდნენ, რომ საჭიროების შემთხვევაში მომავალში ასტრონავტებს რაკეტისგან გამოცალკევება და ხომალდით ხმელეთზე დაბრუნება უსაფრთხოდ შეეძლებათთ.

18 იანვარს უსაფრთხოების ტესტის მსვლელობისას აფრენიდან 30 წამში Falcon 9-ის საევაკუაციო სისტემა განზრახ ჩაირთვება, რაც გამოიწვევს საეკიპაჟო ხომალდის რაკეტისგან განცალკევებას.

საევაკუაციო სისტემა შემდეგნაირად მუშაობს:

ტექნიკური ხარვეზის ან დაზიანების შემთხვევაში რაკეტის ძრავა ითიშება და საეკიპაჟო ხომალდის ძრავები ირთვება, რაც რაკეტის და მასზე დამაგრებული საეკიპაჟო ხომალდის განცალკევას განაპირობებს. ამის შემდეგ განცალკევებული ხომალდი პარაშუტების მეშვეობით წყნარ ოკეანეში ეშვება, სადაც ასტრონავტებს სამაშველო ეკიპაჟი ეგებება.

NASA-სთვის ეს ტესტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დადგინდება რამდენად სანდოა Crew Dragon პილოტირებული ფრენებისთვის. Space X კი შეძლებს დაამტკიცოს, რომ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების უსაფრთხო ტრანსპორტირება შეუძლია.