პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ საქართველოში NDI-ს არსებობით ქვეყნის დემოკრატიულობა მტკიცდება. მისივე თქმით, ის არ ენდობა ამ ორგანიზაციას და ამბობს, რომ NDI კვლევის შედეგებს, "გაუგებარი მიზეზებით" პერიოდულად ავრცელებს.

"ათეულ წელზე მეტია ერთი და იგივე ორგანიზაცია, რომელიც NDI-ს ეგიდით მოქმედებს, აჟიოტაჟს ქმნის იმ კვლევების შედეგებით. არადემოკრატიულ სახელმწიფოში, როგორც მათი კვლევა აჩვენებს, სულ ცოტა ასეთ ორგანიზაციას აუკრძალავდნენ საქმიანობას", — განაცხადა გია ვოლსკიმ.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხევდით, გამოკითხულთა 53% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის.

ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) კვლევა 2019 წლის 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 180 (გამოპასუხება 35) პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი 1,9 პროცენტია.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC — საქართველო.