ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი ევროპელ ლიდერებს აფრთხილებს, რომ ამერიკილების შემდეგ შესაძლოა საფრთხე ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ ევროპელ ჯარისკაცებსაც შეექმნათ. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რუჰანის ეს განცხადება ახალ ბირთვულ შეთანხმებას უკავშირდება.

"დღეს ამერიკელი სამხედროები არიან საფრთხეში, ხვალ შესაძლოა, ევროპელი სამხედროები იყვნენ. ჩვენ არ გვსურს არასტაბილურობა მსოფლიოში, გვინდა, რომ რეგიონი დატოვოთ, თუმცა არა ომის გზით. თქვენი ნებით გასვლა, თქვენთვისვე უკეთესი იქნება. არ ვიცი პრემიერ-მინისტრი ლონდონში რაზე ფიქრობს, თუ მცდარ ნაბიჯს გადადგამთ, ეს თქვენ დაგაზარალებთ", — განაცხადა რუჰანმა.

როგორც ცნობილია, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონმა აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდა, რომ შეექმნა ახალი "ტრამპის შეთანხმება", რათა ირანმა ვერ შეძლოს ბირთვული იარაღის შექმნა. ბორის ჯონსონის წინადადება პრეზიდენტმა ტრამპმა მოიწონა და განაცხადა, რომ ემხრობა ამ იდეას.