13 იანვარს ამერიკის კინოაკადემიამ ოსკარების დაჯილდოების 2020 წლის ნომინანტების სია გამოაქვეყნა, რასაც არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა: ბევრმა აკადემია იმის გამო გააკრიტიკა, რომ ნომინანტებს შორის გენდერული და რასობრივი მრავალფეროვნება კვლავ პრობლემურ საკითხად რჩება.

მაგალითად, აზიური წარმოშობის მსახიობი აკვაფინა, რომელსაც ფილმ The Farewell-ში შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსი გადაეცა, ოსკარის ფინალისტებს შორის ვერ მოხვდა. ასევე რეჟისორი ქალის, გრეტა გერვიგის ფილმმა Litlle Women 6 ნომინაცია დაიმსახურა, თუმცა თავად გერვიგი საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში არ წარადგინეს, რის გამოც ბევრმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ აკადემია ქალ რეჟისორებს დაუმსახურებლად უგულებელყოფს.

საუკეთესი რეჟისორის ნომინაციაში მოხვედრილი კანდიდატების გამოცხადებისას, წამყვანმა იზა რაემ მსგავსი კომენტარიც კი გააკეთა: "ვულოცავ კაც ნომინანტებს".

აკვაფინა ფილმში The Farewell

ფოტო: A24

ამერიკის კინოაკადემიის მისამართით გამოთქმულ საყვედურებს ტვიტერის პირად ანგარიშზე გამოეხმაურა მსოფლიოში აღიარებული ამერიკელი მწერალი და საშინელებათა ჟანრის დიდოსტატი, სტივენ კინგი:

"როგორც მწერალს, შესაძლებლობა მქონდა ხმა მიმეცა სამ ნომინაციაში: საუკეთესო ფილმის, ორიგინალური სცენარისა და ადაპტირებული სცენარის კატეგორიაში. ხელოვნების შესაფასებლად მრავალფეროვნებას (იგულისხმება გენდერის, რასისა და ა.შ. ნაირგვარობა) ყურადღებას არასდროს მივაქცევ. მხოლოდ ხარისხს. ჩემთვის სხვანაირად მოქცევა არასწორია".

მწერლის ამ განცხადებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ერთგულ ფანებთან ერთად ის ცნობილმა ადამიანებმაც გააკრიტიკეს. მაგალითად, ამერიკელმა რეჟისორმა, ავა დუვერნეიმ ტვიტერზე დაწერა:

"როცა გაიღვიძე, ფიქრი დაიწყე, გაიზმორე, ტელეფონი აიღე, რომ გაგეგო სამყაროში რა ხდება და უცებ იმ ადამიანის ჩამორჩენილი და უვიცი ტვიტი წაიკითხე, რომელსაც ძალიან აფასებ. მაშინვე გინდა, რომ საწოლში დაბრუნდე და ძილი გააგრძელო."

კინგის განცხადებას გამოეხმაურა ამერიკელი მწერალი, როქსანა გეიც:

"როგორც შენი ფანისთვის, ამის წაკითხვა ძალიან მტკივნეულია. თითქოს, მრავალფეროვნება და ხარისხი სინონიმები არ შეიძლება იყოს. არადა ეს ორი რამ სულაც არ არის ერთმანეთისგან დაშორებული. ხარისხი ყველგანაა, უბრალოდ უმეტეს ინდუსტრიაში მხოლოდ საზოგადოების ერთი ჯგუფის ხარისხის სჯერათ და აი, შენც იმავეს ფიქრობ".

"თეთრკანიანი კაცები მთელი მოსახლეობის 35%-ს შეადგენენ და არალოგიკურია, რომ ხარისხიანი ხელოვნების 100%-ს მხოლოდ ისინი ქმნიან", — ვკითხულობთ კიდევ ერთი მომხმარებლის ტვიტერზე გამოქვეყნებულ რეაქციას, რაც სტივენ კინგის განცხადებას მოჰყვა.

ასეთი გამოხმაურების შემდეგ საკულტო მწერალმა სცადა, თავისი სათქმელი კიდევ უფრო განევრცო:

"ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი გაკეთებაც ხელოვანებს შეგვიძლია, არის ის, რომ დავრწმუნდეთ, ყველას, განურჩევლად სქესისა, კანის ფერისა თუ სექსუალური ორიენტაციისა, თანაბარი შესაძლებლობები გვაქვს. ამჟამად ამ მხრივ ადამიანების ნაწილი არათანაბრადაა წარმოდგენილი და ეს მხოლოდ ხელოვნებაში არ ხდება. ვერ გახდები გამარჯვებული, თუ თამაშიდან საერთოდ გამოთიშული ხარ".