ვერმონტის სენატორი ბერნი სანდერსი ჰიპ-ჰოპის შემსრულებელ Cardi B-ის წამახალისებელი წინადადებით გამოვიდა და თქვა, რომ მისი პოლიტიკაში მოსვლა კარგი იდეაა.

თავად სანდერსს რეპერმა საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერა ჯერ კიდევ გასული წლის ივლისში გამოუცხადა, რის შემდეგაც ერთი შეხედვით მოულოდნელი დუეტი ერთმანეთის მიმართ საჯარო კომპლიმენტებს არ იშურებს.

რამდენიმე დღის წინ, I Like It-ის შემსრულებელმა თავად თქვა, რომ პოლიტიკაში მოსვლას განიხილავდა. სწორედ ამის შემდეგ დაუჭირა მის იდეას მხარი სანდერსმა:

"Cardi B ძალიან განიცდის ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას. მან იცის, როგორია სიღარიბესა და გაჭირვებაში ცხოვრება და კარგი იქნება მისი გამოცდილების პოლიტიკაში გამოყენება", — თქვა პრეზიდენტობის კანდიდატმა ინტერვიუში.

"მგონი, პოლიტიკოსობა მინდა. მიყვარს მთავრობა, იმის მიუხედავად, რომ მას არ ვეთანხმები".

"ადამიანები სრულყოფილები არ არიან, მაგრამ მას [სანდერსს] სრულყოფილი მიზნები აქვს. ის უმცირესობებს მხარს უჭერს და ადამიანების ჯანდაცვაზე ზრუნავს, რადგან იცის, რომ მათ ფინანსური საშუალება არ აქვთ", — თქვა რეპერმა Vogue-თან ინტერვიუში გასულ წელს.

სანდერსს პოპმუსიკოსი არიანა გრანდეც უჭერს მხარს. როდესაც Tonight Show-ს წამყვანმა, ჯიმი ფელონმა პრეზიდენტობის კანდიდატს ჰკითხა, რითი დაიმსახურა ამ ორი ვარსკვლავის მხარდაჭერა, სანდერსმა უპასუხა:

"კარგი კითხვაა, ჯერ კიდევ ვცდილობ ამის გარკვევას".