საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, მინიმუმ ორმა ჟურნალისტმა, რომლებიც ირანულ სახელმწიფო მედიაში მუშაობდნენ სამსახური დატოვეს. მათგან ერთ-ერთმა მაყურებლებს ბოდიში მოუხადა იმის გამო, რო 13 წლის მანძილზე სიმართლეს არ ეუბნებოდა.

ჟურნალისტმა გელარე ჯაბბარმა Instagram-ზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერდა: "ჩემთვის ძალიან რთული იყო იმის დაჯერება, რომ ჩვენი ხალხი დაიღუპა. მაპატიეთ, რომ ეს გვიან გავიგე და ბოდიში, რომ 13 წლის განმავლობაში ტყუილებს გეუბნებოდით".

The Guardian წერს, რომ კიდევ ერთმა ჟურნალისტმა, ზარა ხათამმა დატოვა IRIB და თქვა: "მადლობა, რომ ამ დროის განმავლობაში მიყურებდით, როგორც წამყვას. მე აღარასდროს დავბრუნდები ტელევიზიაში. ბოდიში".

ირანის ჟურნალისტთა ასოციაციამ განაცხადა, რომ ქვეყანა "საჯარო ნდობის დაკრძალვის" მოწმეა. მათი თქმით, ეს ზიანს აყენებს ირანის მედიის საერთაშორისო რეპუტაციას.

"ყველაზე ხმამაღლა ვიტყუებით მაშინ, როცა საკუთარ თავს ვატყუებთ და ირანის სახელმწიფო მედიის ჟურნალისტები მიხვდნენ, რომ მათი დამაჯერებლობა დაიკარგა", — ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც FOX NEWS ავრცელებს.

BBC რადიოსთან საუბრისას ირანის სახელმწიფო მედიის პრესკომენტატორმა თქვა, რომ მთავრობამ ნდობა თვითმფრინავის ჩამოგდებაზე ტყუილების გავრცელების გამო დაკარგა, ხალხს კი მეტი თავისუფლება სურს.

"მილიონობით და მილიონობით ადამიანი გაიყვანა ქუჩაში გენერალი ყასამ სოლეიმანის მკვლელობამ, ეს იყო ერთიანობის იშვიათი მომენტი, მაგრამ IRGC-მ "ააფეთქა" ის. როგორც ჟურნალისტმა, თქვენ უნდა შეძლოთ ღამით დაძინება. მე ვერასდროს დავშორდები სიმართლეს, ეს არის დიადი ერი. მან დაუშვა ბევრი შეცდომა, რაც მიუღებელია. თუ ირანმა ჩამოაგდო სამოქალაქო თვითმფრინავი, მე არ მაქვს სხვა არჩევანი, რომ ის გავამართლო", — თქვა ჟურნალისტმა.

ჟურნალისტებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ირანის სახელმწიფომ თქვა, რომ უკრაინული თვითმფრინავი შეცდომით ჩამოაგდეს ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის (IRGC) საჰაერო თავდაცვის ძალების წევრებმა.

8 იანვარს ირანში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი ყველა პირი, 168 მგზავრი და 9 ეკიპაჟის წევრი, გარდაიცვალა. დაღუპულთა შორის 7 ქვეყნის მოქალაქეები არიან. მათ შორის ირანის — 82, კანადის — 63, უკრაინის — 11, შვეიცარიის — 10, ავღანეთის — 4, გერმანიის — 3 და დიდი ბრიტანეთის — 3 მოქალაქე. უკრაინის 11 მოქალაქეს შორის 2 მგზავრი იყო, 9 კი ეკიპაჟს წევრი.

კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თვითმფრინავი აფრენიდან თითქმის 2 წუთში რადარებიდან გაქრა. მათივე თქმით, მომხდარის გამო გაურკვეველი დროით ირანში ფრენებს შეწყვეტენ.

კომპანიის ტექნიკური დირექტორის განცხადებით, ბოინგი 2016 წელს გამოშვებულია და ბოლო ტექნიკური შემოწმება 6 იანვარს გაიარა. მისი თქმით, შემოწმებისას პერსონალს არანაირი ტექნიკური ხარვეზი არ აღმოუჩენია და არც ეკიპაჟს უცნობებია რაიმე სახის პრობლემაზე. მისივე თქმით, ეს ბოინგი ერთ-ერთი საუკეთესო იყო მათ შორის, რაც კომპანიას გააჩნდა.

ირანი უარს ამბობს შავი ყუთი უკრაინას გადასცეს, თუმცა დათანხმდა იმას, რომ გამოძიებაში უკრაინელი ექსპერტებიც ჩართონ.