საქართველოში აშშ-ს ელჩობის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას ქართულ ენაზე მიმართა და მოუწოდა, რომ ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტები გახსნან. ამის შესახებ რუდმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ქვეშში ისაუბრა, სადაც ახალგარემონტებული სკოლის გახსნას დაესწრო.

"ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებას გახსნას გამშვები პუნქტები ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე და მისცეს ადგილობრივ მოსახლეობას თავისუფალი გადაადგილების, სამედიცინო დახმარების მიღებისა და შიშისგან თავისუფალი ცხოვრების საშუალება", — განაცხადა ელჩობის მოვალეობის შემსრულებელმა.

ოთხ თვეზე მეტია ჩაკეტილი რჩება ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტები, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰუმანიტარულ კრიზისს იწვევს. ამ ხნის განმავლობაში გადაადგილება მკაცრად კონტროლდება და მოქალაქეებს სამედიცინო დახმარების მიღების საშუალებასაც არ აძლევენ. საახალწლოდ კი ოკუპირებულმა ტერიტორიის დე ფაქტო ხელისუფლებამ რამდენიმე დღით პერევის ე.წ. გამშვები პუნქტიც ჩაკეტა.