ამერიკულმა ტელეკომპანია Showtime-მა გადაწყვიტა, რომ 2014 წელს გამოსული ერთ-ერთი გახმაურებული საშინელებათა ჟანრის სერიალის, Penny Dreadful-ის სპინოფი გადაეღო და ამ სერიალისთვის დამახასიათებელ ნამდვილად მრავალფეროვან სამყაროში ახალი სიუჟეტური ხაზი განევითარებინა.

City of Angels — ასე ჰქვია ახალ სატელევიზიო შოუს, რომლის სიუჟეტიც 1938 წელს ლოს-ანჯელესში ვითარდება და ამერიკაში მცხოვრები მექსიკელების ტრადიციული ფოლკლორული წარმოდგენებით გამდიდრებული საინტერესო ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.

თუ Penny Dreadful-ის სიუჟეტური ხაზი მეცხრამეტე საუკუნის ინგლისში ვითარდებოდა და მთავარ როლს ევა გრინი ასრულებდა, ამჯერად ისტორიულ ლოს-ანჯელესში Game of Thrones-ის მსახიობს, ნატალი დორმერს ვიხილავთ, რომელიც ზებუნებრივი ძალების მქონე დემონის, მაგდას როლს შეასრულებს.

თუ გავითვალისწინებთ, რამდენად ჟანრობრივად მრავალფეროვანი იყო Penny Dreadful — მასში ერთობლივად იყო თავმოყრილი თრილერის, ფენტეზის, დრამის, ისტორიული ფენტეზისა და საშინელებათა ჟანრის დეტალები, მარტივად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ახალ სერიალშიც ასეთი დაძაბულ და თვალისმომჭრელ ისტორიებს გავეცნობით, რომელთაც განსაკუთრებულ ხიბლს მექსიკური ფოლკლორი შემატებს.

ამ ახალი სატელევიზიო შოუს პრემიერ 26 აპრილს შედგება.