პოლიტიკური გაერთიანება ლელო საქართველოსთვის ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაციის, BBC-ის რუსული ბიუროსგან ბოდიშის მოხდას ითხოვს იმის გამო, რომ ოკუპირებული აფხაზეთი სუვერენულ ერთეულად მოიხსენიეს. მათი თქმით, დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელის აფხაზეთის პრეზიდენტად მოხსენიება წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო სამართლით დადგენილი საზღვრების უგულებელყოფას და ქართული სახელმწიფოებრიობის შეურაცხყოფას.

ლელოს განცხადებით, გამოცემას უკვე გაუგზავნეს საპროტესტო ნოტა და მოითხოვენ, რომ დაუყოვნებლივ ჩაასწორონ მცდარი ინფორმაცია.

გარდა ამისა, პარტიაში აღნიშნავენ, რომ აღნიშნულ საკითხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯერაც არ გამოხმაურებია, რაც კატეგორიულად მიუღებელია. On.ge უწყებას დაუკავშირდა, მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

12 იანვარს BBC-ის რუსულმა ბიურომ გამოაქვეყნა სტატია სათაურით: აფხაზეთის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ოპოზიციის ზეწოლის შემდეგ გადადგა. ამ მასალაში ოკუპირებული რეგიონი მოხსენიებულია, როგორც "საქართველოსგან გამოყოფილი რესპუბლიკა". სტატიაში არ არის გამოყენებული სიტყვები დე ფაქტო ან თვითაღიარებული და ე.წ. უწყებები ოფიციალურ სახელმწიფო ორგანოებად არის წარმოჩენილი.

საერთაშორიო მედიები, მათ შორის BBC-ის სათაო ოფისი, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე წერისას ძირითადად იყენებენ ტერმინებს: თვითაღიარებული და დე ფაქტო რესპუბლიკები ან საოკუპაციო რეჟიმი.