ბოლო 200 მილიონი წლის განმავლობაში დედამიწამ უამრავი ცვლილება განიცადა. გადაშენდა და გაჩნდა უამრავი სახეობა, მნიშვნელოვნად შეიცვალა გარემო, თუმცა, როგორც ჩანს, გინკგოს ხეებისთვის ეს ყველაფერი უმნიშვნელოა.

ასწლოვანი ხეების შესახებ ალბათ ბევრი რამ გაგიგიათ, თუმცა, შესაძლოა, 1 000 წლოვან ხეებზე არაფერი გსმენიათ. არსებობენ ხეები, რომლებიც თუ არ დაინფიცირდნენ ან არ მოჭრეს, პრაქტიკულად უკვდავები არიან. ამ კვლევაში მეცნიერთა ჯგუფი გინგკოს ხეების უკვდავების ახსნას გვთავაზობს.

"ადამიანების იმუნური სისტემა, სიბერესთან ერთად დასუსტებას იწყებს... მაგრამ ხეების იმუნურ სისტემაზე სიბერე ნაკლებად აისახება", — ამბობს რიჩარდ დიქსონი, მკვლევარი ჩრდილოეთ ტექსასის უნივერსიტეტში.

დიქსონმა და მისმა კოლეგებმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ჩინეთში არსებული გინკგოს ხეები შეისწავლეს. მათი ინტერესის ობიექტს ახალგაზრდა (15 წლის) და მოხუც (1 300 წლის) ხეებს შორის ფიზიოლოგიური სხვაობები წარმოადგენდა. მათ აღმოაჩინეს, რომ ძარღვული კამბიუმი, რომელიც ხეების ზრდას განაპირობებს, გინგკოებში ასაკის მიუხედავად მუდმივად რეგენირდება. ამის მიზეზი შეგვიძლია მათ გენებში ვიპოვოთ. ადამიანების გენეტიკა არ აძლევს უჯრედებს საშუალებას უსასრულოდ განახლდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი უჯრედები გარკვეული დროის შემდეგ სიკვდილისთვის არიან დაპროგრამირებულნი, ხოლო გინკგოს გენებში მსგავსი კოდი არ გვხვდება.

მიუხედავად იმისა, რომ გინგკოს ხეები ძალიან დიდ ხანს ცოცხლობენ, ისინი მაინც ბერდებიან. ახალგაზრდა და მოხუცი ხეების შედარებამ აჩვენა, რომ დროთა განმავლობაში მათი ზრდა ნელდება და ფოთლები, ისევე როგორც ღეროები, კვდომას იწყებენ. მიუხედავად ამისა, ზრდა ბოლომდე არასდროს ჩერდება და ხის კორძი, რომელსაც არც ტოტები აქვს და არც ფოთლები, შეიძლება მაინც ცოცხალი იყოს.

ბუნებაში ისეთი გინგკოს ხის პოვნა, რომელიც ბუნებრივი სიკვდილით მოკვდა, იშვიათია. ისინი უმეტესად ინფექციით ან გვალვის შედეგად იღუპებიან.

ევოლუციური ბიოლოგის, პიტერ კრეინის თქმით, გინკგოს ხეების უკვდავება ცხოვრების შესახებ ერთ რამეს გვასწავლის:

"ეს დაკვირვება ერთგვარი გზაა, განვსაზღვროთ, რამდენად სწრაფად იცვლება მსოფლიო ჩვენ გარშემო. უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ ახლო მომავალზე არ უნდა ვიფიქროთ“.