"მე სწორედ იმ მამას, რომელზეც ის საუბრობს, არ გავუზრდივარ ისე, რომ დავუბრუნო მას პასუხი ისე, როგორც ეკადრება და მოვიკითხო მისი მამა ან დედა", — ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს. გადაცემა კვირის აქცენტებში, სააკაშვილმა თქვა, რომ მინისსტრის მამა, მოსამართლე ავთანდილ წულუკიანი "უზენაესი სასამართლოს ჯალათი იყო".

წულუკიანის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი "კრიმინალია და მას საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების ეშინია".

"მშვიდობა არასდროს იყო მისი ღირებულება, ადამიანი და მისი უფლებები არასდროს იყო მისი ღირებულება. ვფიქრობ, რომ მისი განცხადებებით რაკი გამოძიება დაინტერესდა ჩვენ მასზე და მის პიროვნებაზე კომენტირებისას ბევრი დრო აღარ უნდა დავხარჯოთ", — აღნიშნა წულუკიანმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20 ივნისის მოვლენებზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. მათი თქმით, სააკაშვილის რიტორიკა ხელისუფლების დამხობის მცდელობაზე მიუთითებს.

უწყება სააკაშვილს 12 იანვარს გაკეთებულ განცხადებას ედავება: "2019 წლის 20 ივნისს ბიძინა ივანიშვილის წკიპზე იყო. ცოტაც და ეს რეჟიმი დაემხობოდა. მაშინ, ჩემი აზრით, მომენტი გაშვებული იქნა".