დე ფაქტო აფხაზეთის ყოფილი პრემიერი, სერგეი შამბა ამბობს, რომ ნორმალური ურთიერთობის დასალაგებლად დიალოგი უნდა დაიწყოს. ამის შესახებ მან მთავარ არხთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ საუბარი სოხუმსა და თბილისს შორის სხვადასხვა ფორმით უნდა მოხდეს.

"ბევრი საკითხია გადასაწყვეტი, თუკი პოლიტიკური ნება არსებობს, მოუგვარებელი პრობლემები არ არსებობს. საქართველოს ხელისუფლებამ პირველი ნაბიჯები უნდა გადადგას, აფხაზურ საზოგადოებაში მხოლოდ მტრულ განწყობას ხედავენ. რაც გამოიხატება აფხაზეთის განვითარებისთვის წინააღმდეგობის არ მოხსნაში, ბევრი წყენა დაგროვდა და ამიტომ საჭიროა კეთილი ნება საქართველოს ხელისუფლებისგან", — თქვა სერგეი შამბამ მთავარ არხთან საუბრისას.

სერგეი შამბამ, ასევე, აღნიშნა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების გარდა უნდა არსებობდეს სხვა კავშირებიც, მათ შორის სახალხო დიპლომატია და ოფიციალური არხები.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა დე ფაქტო აფხაზეთის ყოფილი პრემიერი საქართველოსთან ურთიერთობების დალაგებაზე საუბრობს. 2018 წელს Эхо Москвы-სთან საუბრისას მან თქვა, რომ ქართველები მტრად არ მიაჩნია და საერთო მომავალზე უნდა დაფიქრებულიყვნენ.