პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა 20 ივნისის საქმეზე გაკეთებული განცხადებით სახელმწიფოს მიერ დაწყებული გამოძიების ლეგიტიმურობა დაადასტურა.

"პირდაპირ მიუთითა, რომ ხელისუფლების დამხობის მიზანთან იყვნენ ახლოს და მომავალშიც განაგრძობენ ამ გეზით სვლას. ჩვენ ყოველთვის ვაცხადებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი წარმოადგენს არა მარტო ნაციონალური მოძრაობის, არამედ ამ პოლიტიკური ძალის ქოლგის ქვეშ გაერთიანებული ყველა პოლიტიკური ორგანიზაციის მთავარ ფიგურას", — თქვა გია ვოლსკიმ.

გია ვოლსკის გარდა, მსგავსი შინაარსის განცხადებები გააკეთეს ქართული ოცნების სხვა ლიდერებმაც. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს ამ აღიარებისთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ, ხოლო, არჩილ თალაკვაძის აზრით, ყოფილმა პრეზიდენტმა პირდაპირ დაადასტურა, რომ 20 ივნისს მოვლენები პარლამენტზე შეტევა იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20 ივნისის მოვლენებზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. მათი თქმით, სააკაშვილის რიტორიკა ხელისუფლების დამხობის მცდელობაზე მიუთითებს.

უწყება სააკაშვილს 12 იანვარს გაკეთებულ განცხადებას ედავება: "2019 წლის 20 ივნისს ბიძინა ივანიშვილის წკიპზე იყო. ცოტაც და ეს რეჟიმი დაემხობოდა. მაშინ, ჩემი აზრით, მომენტი გაშვებული იქნა".